სამოქალაქო აქტივისტებმა გორის მერის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს

"რა დროს დასვენებაა“, „სირცხვილია“, „გონიოში ოკუპაციას ვერ გრძნობთ?“, „დასვენებას როგორ ახერხებთ, ხალხი მშობლიურ მიწებს კარგავს“, - ამ შინაარსის პლაკატებით სამოქალაქო აქტივისტებმა 16 აგვისტოს, გორის მერიასთან, გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეების შეფასებით, უპასუხისმგებლობაა მერის განცხადება, რომ დასასვენებლად იმყოფება, გორში შვებულების დასრულების შემდეგ დაბრუნდება და ამის შემდეგ ჩავა გუგუტიაანთკარში.

კონსტანტინე თავზარაშვილმა ამ შინაარსის განცხადება ადგილობრივ ინტერნეტგამოცემა „შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან“ გააკეთა. ამავე წყაროს ცნობით, მერი ამჟამად გონიოში ისვენებს.

„მაშინ, როდესაც გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გრძელდება ოკუპაცია, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ადგილობრივი მცხოვრებლების მიწის ნაკვეთებსა და სახლებს საოკუპაციო ხაზის მიღმა აქცევენ, ამ დროს გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი მედიასთან აცხადებს, რომ ის გონიოში დასასვენებლად იმყოფება და გორში შვებულების დასრულების შემდეგ დაბრუნდება. ეს არის უპასუხისმგებლო ადამიანი და მისი დღეები დათვლილია“, - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა, გიგა მაქარაშვილმა.

15 აგვისტოს გუგუტიანთკარში იმყოფებოდნენ მერის მოადგილე და საკრებულოს თავმჯდომარე. სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი გამოიწვია იმან, რომ გორის მერი არ ჩავიდა იქ, სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები უკანონო საზღვრის მონიშვნას განაგრძობენ.

აქციის მონაწილეებმა მერიის კედლებზე გააკრეს სტიკერები წარწერით - „საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ“.

7 აგვისტოდან გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიაანთკარში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. სასაზღვრო ღობეების მონტაჟი დაიწყეს და ოკუპაციის ხაზს მიღმა მოაქციეს ორი ოჯახის კარ-მიდამოები.