ნინო ხარატიშვილი შილერის პრემიის ლაურეატი გახდა

გერმანულენოვანი ქართველი მწერალი ნინო ხარატიშვილი შილერის პრემიის ლაურეატი გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია გერმანულ პრესაში ვრცელდება.

ფრიდრიხ შილერის სახელობის პრემია გერმანიის ბადენ-ვიურტემბერგის რეგიონს აქვს დაწესებული და იგი გერმანიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ლიტერატურული პრემიაა. პრემიით, რომლის ოდენობა 25 ათასი ევროა, ავტორთა მთელი ლიტერატურული შემოქმედება აღინიშნება.

ხარატიშვილამდე ამ პრემიის ლაურეატები იყვნენ ისეთი გამოჩენილი გერმანულენოვანი ავტორები, როგორებიც არიან მაქს ფრიში, ქრისტა ვოლფი, ფრიდრიხ დიურენმატი, პეტერ ჰანდკე, ბოთო შტრაუსი და სხვ. პრემია 1955 წლიდან გაიცემა. ოფიციალური დაჯილდოება 14 ნოემბერს არის დაგეგმილი.

„ნინო ხარატიშვილის შემოქმედება მრავალწახნაგოვანია და ის მაღალი ესთეტიკური და ენობრივი ხარისხისაა“, ვკითხულობთ ჟიურის დასკვნაში. „მისი პიესები მისდევს ღია დრამატურგიას. ისინი მოგვითხრობენ და სვამენ კითხვებს, მაგრამ არ ატარებენ მორალისტურ ხასიათს. მისი გმირები გამოხატავენ საფრთხეში აღმოჩენილ სუბიექტურობას კრიზისებით აღსავსე გლობალიზებულ მსოფლიოში; მათი თემაა მიგრაცია და ფსიქოლოგიური ტრავმები ქალის პერსპექტივიდან.“

ნინო ხარატიშვილი დაიბადა 1983 წლის 8 ივნისს, თბილისში. დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინოდოკუმენტალისტიკის ფაკულტეტი. 2003 წელს ჩააბარა ჰამბურგის თეატრის აკადემიაში, თეატრის რეჟისურის ფაკულტეტზე. ამჟამად ნინო ხარატიშვილი ცხოვრობს ჰამბურგში (გერმანია) და მუშაობს გერმანიის, შვეიცარიისა და ავსტრიის სხვადასხვა თეატრებში.

ხარატიშვილი გერმანულ ენაზე წერს. მისი ნაწარმოებები ნათარგმნია ქართულ ენაზე. ნინო ხარატიშვილს ეკუთვნის რომანები: „ჟუჟა“, „ ჩემი საყვარელი ორეული“, „მერვე სიცოცხლე (ბრილკასთვის)“, „კატა და გენერალი“. რომანი „მერვე სიცოცხლე (ბრილკასთვის)“ საქართველოში ბოლო ორ საუკუნეში განვითარებულ მოვლენებს ასახავს და მასში 6 თაობის ამბავია მოთხრობილი.