ამერიკულმა Conti-ჯგუფმა ანაკლიის კონსორციუმი დატოვა 

ამერიკულმა კონტი–ჯგუფმა (Conti International LLC) დატოვა ანაკლიის განვითარების კონსორციუმი, რომელიც ანაკლიის პორტს აშენებს - ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას კონსორციუმში დაუდასტურეს. ასევე გვიდასტურებენ, რომ სიმართლეს შეესაბამება გამოცემა „აქცენტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია.

ამ ინფორმაციის თანახმად კი, კონტი–ჯგუფის გადაწყვეტილების მიზეზია ანაკლიის პორტის პროექტის ირგვლივ განვითარებული მოვლენები და „კერძოდ, ის გარემოება, რომ მთავრობასა და პროექტის ინვესტორ ბანკებს შორის ამ დრომდე არაა მიღწეული შეთანხმება, მიუხედავად ხელისუფლების წარმომადგენელთა რიტორიკისა, რომ ისინი მხარს უჭერენ პროექტს და კონსორციუმს“.

"რიტორიკა მხოლოდ რიტორიკად რჩება: ჯგუფმა საქართველოს ხელისუფლებისგან პროექტის მიმართ მხარდაჭერა ვერ იგრძნო და გადაწყვეტილებაც მიიღო",– აცნობა "აქცენტს" ინფორმირებულმა წყარომ.

  • უკვე თვეებია მიმდინარეობს მთავრობის მოლაპარაკებები უმსხვილეს საერთაშორისო ბანკებთან;
  • შეთანხმებულია 7 მოთხოვნა საფინანსო ინსტიტუტების 8 მოთხოვნიდან - ჯერ ისევ შეუთანხმებელია საკითხი ტვირთბრუნვის რისკის სახელმწიფოს მიერ დაზღვევის შესახებ;
  • ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივად აკეთებენ აქცენტს ანაკლიის პორტის დიდ მნიშვნელობაზე, თუმცა მუდმივად აკრიტიკებენ კონსორციუმის მუშაობას.

ანაკლიის პორტს ბოლო პერიოდში დაუკავშირდა კიდევ ერთი ძალიან ხმაურიანი პროცესი - „TBC ჯგუფის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დადანაშაულება ე.წ. „ფულის გათეთრების“ საქმეში.

მამუკა ხაზარაძემ არაერთხელ განაცხადა, რომ 11 წლის წინანდელი ტრანზაქციების გახსენება და უსაფუძვლო ბრალდება ანაკლიის პორტის წინააღმდეგ არის მიმართული.