ჰონგ-კონგის აეროპორტში განახლდა ფრენები. ჩინეთი დემონსტრანტების დასჯით იმუქრება

პოლიციისა და დემონსტრანტების შეტაკება ჰონგ-კონგის აეროპორტში

ჰონგ-კონგის აეროპორტმა განაახლა მუშაობა მთელი წინა ღამის ქაოსის შემდეგ, რომლის დროსაც შეტაკება მოხდა დემოკრატიის მომხრე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის.

ფრენები განახლდა 14 აგვისტოს დილიდან, თუმცა, ზოგიერთი მიმართულებით რეისები კვლავ არ სრულდება. საერთოდ ბოლო ორი დღის განმავლობაში მიმდინარე დაპირისპირება, რომლის ეპიცენტრი აეროპორტიც იყო, ასობით ფრენის გაუქმების მიზეზი გახდა.

13 აგვისტოს აეროპორტში, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო დატვირთული ობიექტია, საშიშ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა ფიზიკური შეუარცხყოფა მიაყენეს ორ პირს, სავარაუდოდ „ჩინეთის საიდუმლო აგენტებს.“

ჩინეთის ხელისუფლების ჰონგ-კონგის საკითხების ოფისმა დაგმო დემონსტრანტების „თითქმის ტერორისტული ქმედება“ და დასჯით დაემუქრა იმ პირებს, ვისაც პასუხისმგებლობა ეკისრებათ.

ჰონგ-კონგში მეათე კვირაა გრძელდება ანტისამთავრობო დემონსტრაციები ამ ტერიტორიის ლიდერის გადადგომის, პირდაპირი არჩევნებისა და პოლიციის მხრიდან გამოვლენილი სისასტიკის გამოძიების მოთხოვნებით.