საპატრიარქო: ყინწვისის ტაძარში იატაკის თვითნებური გამოცვლა გაუმართლებელია

"საეკლესიო კანონიკიდან გამომდინარე, ველოდებით ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის რეაგირებას ყინწვისის ტაძრის წინამძღვრის თვითნებურ ქმედებაზე", - წერია საქართველოს საპატრიარქოს მიერ 12 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ტექსტის თანახმად, მიუხედავდ იმისა, რომ რუის-ურბნისის ეპარქიაში, ყინწვისის ტაძარში, იატაკის შეცვლამ ძეგლის დაზიანება არ გამოუწვევია, უნებართვო, თვითნებური ქმედება „ყოვლად გაუმართლებელია“.

„როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, რუის-ურბნისის ეპარქიაში, ყინწვისის ტაძარში, ადგილობრივი სასულიერო პირების ინიციატივით გასული საუკუნის 70-იანი წლების იატაკი შეიცვალა მარმარილოს ფილებით.

მიუხედავად იმისა, რომ არსებული იატაკი არ წარმოადგენდა სიძველეს, ასეთი ნაბიჯის გადადგმა შეუთანხმებლად არის ყოვლად გაუმართლებელი.

ყინწვისი XIII საუკუნის ნაგებობა და კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამუშაო პროცესი უნდა მიმდინარეობდეს სათანადო ნებართვით.

როგორც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი, ძეგლი არ დაზიანებულა, მაგრამ დაგებული იატაკი სრულ დისონანსშია ტაძართან და საჭიროა ამჟამად არსებული რეალობის სასწრაფოდ გამოსწორება, რაც სრულიად შესაძლებელია.

ცნობისათვის აღვნიშნავთ, რომ ყველა ეპარქიას მისი მღვდელმთავარი განაგებს და მონასტრის საძმოს სურვილი ამა თუ იმ ეკლესიაში სამშნებლო სამუშაოების ჩატარებისა, პირველ რიგში, მმართველი იერარქისგან და საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების საბჭოსგან უნდა იყოს ნებადართული, ხოლო როდესაც საქმე ეხება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ასეთი სახის საქმიანობა აუცილებლად უნდა შეთანხმდეს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთანაც. ეს არის ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის დადგენილი წესი, რომლის დაცვა ყველას მართებს. მოცემულ შემთხვევაში კი ყველა საფეხურზე დარღვევას ჰქონდა ადგილი“, - აცხადებს საპატრიარქო.

სასულიერო პირების მიერ ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის გუმბათიან ეკლესიაში მწვანე მარმარილოს იატაკის დაგებას 10 აგვისტოს კრიტიკული განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.

სააგენტოს თანახმად, სახელმწიფო ინსტიტუციებისა და სათანადო სარესტავრაციო მეთოდოლოგიის აბსოლუტური უგულებელყოფით შესრულებული სამუშაოები სრულ წინააღმდეგობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და ძეგლთა დაცვით პრინციპებთან. ის უხეშად ხელყოფს ზოგადეროვნულ ფასეულობას და მნიშვნელოვან აზიანებს კულტურულ მემკვიდრეობას.