ქუთაისის ციხეში გარდაიცვალა პატიმარი, რომელიც ისრაელის მოქალაქეა

ქუთაისის ციხეში პატიმარი, 1958 წელს დაბადებული მ.მ გარდაიცვალა. იგი ისრაელის მოქალაქეა. ისრაელის სახელმწიფოს შუამდგომლობით იგი რადენიმე დღის წინ დააკავა პოლიციამ.

როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მომხდართან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მას ისრაელში გაუპატიურების საქმეზე ჰქონდა ბრალი წარდგენილი. საქართველოში დაკავების შემდეგ დაწყებული იყო საექსტრადიციო პროცედურები.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანახმად, მ.მ სასჯელაღსრულების N 2 დაწესებულებაში 2019 წლის 3 აგვისტოს მოათავსეს.

დაწესებულებაში მოთავსების დროს ბრალდებულს გაეწია მორიგე ექიმის კონსულტაცია. ექიმის ჩანაწერის თანახმად, ბრალდებულს ობიექტურად რაიმე პათოლოგია არ აღენიშნებოდა, სამედიცინო დახმარებას არ საჭიროებდა.

06.08.2019 წ. მ.მ. სასამართლო სხდომაში მონაწილეობისას ბათუმის საქალაქო სასამართლოში ის გახდა შეუძლოდ. ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. ბრალდებულს გაუკეთდა ელექტროკარდიოგრაფია, თუმცა რაიმე პათოლოგია არ დაფიქსირებულა.

07.08.2019 წ. პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნისას ბრალდებულს კვლავ ჩაუტარდა ექიმის კონსულტაცია. ექიმის ჩანაწერის თანახმად, კონსულტაციის დროს ბრალდებულს ჩივილები არ ჰქონია, აღნიშნავდა ნერვიულობას ციხეში მოხვედრის გამო. ობიექტური მონაცემების საფუძველზე, პაციენტს დაესვა დიაგნოზი – ნევროტულობა, ერთჯერადად მიეწოდა დამამშვიდებელი პრეპარატი – ატარაქსი და რეკომენდებულ იქნა კარდიოლოგის გეგმიური კონსულტაცია.

მიმდინარე წლის 10 აგვისტოს 00:22 საათზე ბრალდებული დაწვა დასაძინებლად. 08:27 სთ-ზე იგი თანამესაკნემ ნახა უგონო მდგომარეობაში და დაუძახა მორიგე კონტროლიორს. 08:30 სთ-ზე მორიგე ექიმმა დააფიქსირა გარდაცვალება”, - აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება საქართველოს სსკ 116-ე მუხლის პირველი ნაწილით.