„შინდისის გმირების“ პრემიერა 27 სექტემბერს გაიმართება

მხატვრული ფილმის „შინდისის გმირების“ თბილისური პრემიერა სოხუმის დაცემის დღეს, 27 სექტემბერს გაიმართება -უთხრა რადიო თავისუფლებას პროექტ "შინდისის გმირების“ ავტორმა ედმონდ მინაშვილმა.

ედმონდ მინაშვილის თანახმად, ფილმის თბილისური პრემიერის შემდეგ, ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ნოემბრის პირველი ნახევრის ჩათვლით კინოჩვენება ლოს ანჟელესსა და ნიუ იორკში გაიმართება.

„ეს იქნება ერთგვარი პრომოუშენი ოსკარის წინ“, - აღნიშნა ედმონდ მინაშვილმა. მისი თქმით, ფილში, რომლის ბიუჯეტი 1 200 000 ლარია, 18-20 წუთი რეალურის იდენტური ქრონომეტრაჟით ასახავს შინდისის ბრძოლას.

„ფილმში შინდისის გმირობის სამი რგოლი მონაწილეობს: მოსახლეობა, ჯარისკაცები და სამღვდელოება, რომლის ძალისხმევითაც 16 აგვისტოს ცხედრების გადმოსვენება მოხერხდა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ედმონდ მინაშვილმა.

დიტო ცინცაძის „შინდისის გმირები“ ოსკარისათვის იბრძოლებს. დღეს 11 აგვისტოს შინდისის ბრძოლიდან 11 წელი შესრულდა.