ნიკა გვარამიას დაეკისრა 40 ათასი ლარის გირაოს გადახდა და აეკრძალა ქვეყნის დატოვება

ნიკა გვარამია

„რუსთავი 2“ -ის ყოფილი გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა 40 ათასი ლარის გადახდა გირაოს სახით და ასევე ბრალდებულს აეკრძალა საგამოძიებო უწყების გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვება.

ასეთი გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი კერატიშვილმა გამოიტანა 10 აგვისტოს შუაღამეს, მრავალსაათიანი სასამართლო პროცესის შემდეგ.

საქართველოს მთავარი პროკურატურა ნიკა გვარამიასთვის 80 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, რაც მოსამართლემ მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

მანამდე პროცესის მსვლელობის დროს „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა პროკურორების - ზვიად გუბელაძის და ვანო ოქროპირიძის აცილება მოითხოვა. როგორც გვარამიამ აღნიშნა, პროკურორები იყვნენ "აგრესიულები და მათთან კომუნიკაცია შეუძლებელია".

ამასთან, გვარამიამ მათ „მატყუარები" უწოდა.

რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას გენერალურმა პროკურატურამ ბრალი 9 აგვისტოს წარუდგინა საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს "საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“.

დღევანდელი გადაწყვეტილებით, მოსამართლემ ასევე დაასახელა წინასასამართლო პირველის სხდომის თარიღი - 30 სექტემბერი.

სასამართლოს დასრულების შემდეგ ნიკა გვარამიამ "ზედმეტად სამარცხვინო გადაწყვეტილება" უწოდა მოსამართლის ვერდიქტს და კვლავ გაიმეორა, რომ "არ აპირებს გირაოს გადახდას".