სასულიერო პირებმა ყინწვისის ეკლესიაში მწვანე მარმარილოს იატაკი დააგეს

„სახელმწიფო ინსტიტუციებისა და სათანადო სარესტავრაციო მეთოდოლოგიის აბსოლუტური უგულველყოფით შესრულებული სამუშაოები სრულ წინააღმდეგობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და ძეგლთა დაცვით პრინციპებთან. ის უხეშად ხელყოფს ზოგადეროვნულ ფასეულობას და მნიშვნელოვან აზიანებს კულტურულ მემკვიდრეობას“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ყინწვისის წმ.ნიკოლოზის სახელობის გუმბათიან ეკლესიაში ადგილობრივი სასულიერო პირების მიერ ახალი იატაკის ფენილის მოწყობას.

ეს არის „თვითნებობა და უკანონობა“, - ვკითხულობთ სააგენტოს განცხადებაში.

სააგენტოს ცნობით, უშედეგო აღმოჩნდა მათ მიერ უნებართვო სამუშაოების დროულად აღკვეთის არაერთი მცდელობა. უწყების ზედამხედველობის სამსახურის ჯგუფი ადგილობრივმა მღვდელმსახურებმა სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე არ შეუშვეს.

სასულიერო პირების ინიციატივით დაწყებული პროცესი არ შეჩერებულა არც საქართველოს საპატრიარქოს მაღალი იერარქიის პირების საჯარო განცხადებების შემდეგ, რომელიც თანხვედრაში იმყოფებოდა სააგენტოს პოზიციასთან.

„განხორციელებული სამუშაოები უკანონო ქმედებად შეფასდა საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის საბჭოს და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ადრექრისტიანული და შუასაუკუნეების კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლთა საბჭოს მხრიდანაც, რომელიც 2 დღის წინ სამონასტრო კომპლექსზე ერთობლივად იმყოფებოდა. მათი ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ახლადმოწყობილი იატაკი დემონტაჟს და ნეიტრალური ფერის ქვის კვადრებით, ქართული შერეული სტილით მოწყობას საჭიროებს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საკითხზე შემდგომი რეაგირება საქართველოს საპატრიარქოს წერილობით სთხოვა.

სააგენტოს ცნობით, ყინწვისის წმ.ნიკოლოზის სახელობის გუმბათიან ეკლესიაში XX საუკუნის 70-იანი წლების ქვის იატაკი განვლილ დღეებში შეიცვალა და სამუშაოები საქართველოს საპატრიარქოს ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრთან და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან შეუთანხმებლად წარიმართა. ამ პროცესს არ ჰყოლია არქეოლოგიური ზედამხედველი.

უნებართვოდ წარმოებული სამუშაოების შედეგად კი არსებულ იატაკზე, თარაზულად მოსწორებულ ცემენტის ზედაპირზე არატრადიციული წყობითაა დაგებული ძვირადღირებული მარმარილოს მსხვილი, მართკუთხა ფილები, რაც იატაკის დონეს არსებულთან შედარებით რამდენიმე სანტიმეტრით მაღლა სწევს და დარბაზში არსებულ საფლავის ქვას სცდება.

„იატაკის ახალი საფარი სრულ შეუსაბამობაშია ტაძრის ინტერიერის მხატვრულ არქიტექტურულ სახესთან და თავისი სარკისებრი ზედაპირით უხეშად აკნინებს კედლებზე შემორჩენილ XIII საუკუნის დასაწყისის კედლის უნიკალურ მხატვრობას. სარესტავრაციო მეთოდოლოგიის დარვევითაა მოწყობილი ამბიონის საფეხური, რომელიც მასიური ქვის ნაცვლად მომცრო ფილებით არის მოპირკეთბული. დიდი ალბათობით, უნებართვო და არასათანადო ჩარევის რისკის ქვეშ იმყოფება ყინწვისის გვიანი შუა საუკუნეების დროინდელი კანკელიც“, - წერს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო და დროულად რეაგირებას მოითხოვს.