მამუკა ბახტაძე: შავი ზღვის უსაფრთხოების გარეშე ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაზე ვერ ვისაუბრებთ

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე

„შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე წარმოუდგენელია ჩვენ ვისაუბროთ ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაზე“ - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ორფოლოს პოლიგონზე, მრავალეროვნული სამხედრო სწავლების, „მტკიცე სული/Agile Spirit 2019“-ის დახურვის ცერემონიაზე გამოსვლისას.

მამუკა ბახტაძემ მადლობა გადაუხადა დასავლელ პარტნიორებს, რომ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობენ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას.

„მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს იმ მტკიცე და თანამიმდევრული მხარდაჭერისათვის, რომელსაც ისინი უწევენ ჩვენს ქვეყანას დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სწავლების ორგანიზატორებს, საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობასა და აშშ-ის ევროპის სარდლობას ასეთი მნიშვნელოვანი წვრთნების ორგანიზებისთვის“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძის თქმით, ასეთი სწავლებებით საქართველო სულ უფრო უახლოვდება პრინციპს მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში და კიდევ უფრო რეალურს ხდის ალიანსში საქართველოს გაწევრიანებას.

"მნიშვნელოვანია, რომ წლევანდელ მრავალეროვნულ სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 14 ქვეყნის 3000-ზე მეტმა სამხედრომ მიიღო მონაწილეობა, და თითოეული ეს ქვეყანა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო ქომაგია, ისევე როგორც ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდამჭერი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბახტაძემ.

მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაცია ქვეყნისთვის ყველაზე მტკივნეული გამოწვევაა, თუმცა მასზე პასუხია მხოლოდ მშვიდობა და საქართველოს განვითარება. „ქართველმა ერმა გააკეთა თავისი ცივილიზაციური არჩევანი, რომელიც გულისხმობს სრულ ინტეგრაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ის არ არის მიმართული არავის წინააღმდეგ. ამ სწავლებამ ხელი შეუწყო საქართველოს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის კიდევ უფრო გაძლიერებას და შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.