აშშ: არ შევწყვეტთ მუშაობას, სანამ რუსეთი არ დაასრულებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას

მორგან ორტაგუსი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს მოუწოდებს უკან წაიღოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების "ე.წ. დამოუკიდებლობა" და მიესალმება იმ დღეს, როდესაც ქართველ ხალხთან ერთად ოკუპაციის დასასრულს აღნიშნავს.

“ჩვენ მივმართავთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება - გაიყვანოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან სამხედრო ძალები და დაადასტუროს და აღასრულოს საქართველოს წინააღმდეგ ძალის არგამოყენების პირობა”- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მორგან ორტაგუსმა 8 აგვისტოს ბრიფინგზე წაიკითხა.

“ჩვენ არ შევწყვეტთ მუშაობას, სანამ რუსეთი არ დაასრულებს საქართველოს სუვერენული ტერიტორიების ოკუპაციას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული ადამიანის და ლტოლვილის უფლებას დაბრუნდნენ სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად.”- აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.

დღეს გავრცელებულ განცხადებაში მკაცრად არის შეფასებული ბორდერიზაციის ბოლო ფაქტებიც. კერძოდ, განცხადებაში ნათქვამია:

“11 წელი გავიდა რუსეთის სამხედრო შეჭრიდან საქართველოში, როდესაც ასობით ადამიანი მოკვდა ან დაიჭრა და 190 000-ზე მეტ სამოქალაქო პირს საცხოვრებელი ადგილის იძულებით დატოვება მოუხდა. მრავალ ადამიანზე კონფლიქტი დღემდე ახდენს გავლენას: მათი ცხოვრება განადგურებულია, ოჯახები კვლავ გაყოფილი, გადაადგილების თავისუფლება არ არის აღდგენილი და ქონება არ არის დაბრუნებული.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩვენ მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა დეფაქტო ხელისუფლებამ დაიწყო ბორდერიზაციის პროცესი სოფელში, რომელიც მდებარეობს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ ხაზთან. თუ ბორდერიზაციის პროცესი დასრულდება, ეს სოფელი სრულად მოწყდება საირიგაციო სისტემას.

ეს ქმედებები წარმოადგენს საფრთხეს მშვიდობისა და სტაბილურობისთვის.

როგორც დღევანდელი ფაქტი აჩვენებს, რუსეთი განუწყვეტლივ არღვევს ქართველი ხალხის უფლებას უსაფრთხოებასა და საკუთრებაზე; უფრო მეტიც, რუსეთის შეჭრა და საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია არის გაეროს ქარტიის პრინციპების უხეში დარღვევა, ეწინააღმდეგება ჰელსინკის საბოლოო აქტს და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და კანონებს...

და ბოლოს, ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და მივესალმებით იმ დღეს, როდესაც ჩვენ შევძლებთ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დასასრულის აღნიშვნას.“- ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში, რომელიც ვაშინგტონში ჟურნალისტებს დეპარტამენტის სპიკერმა 8 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე გააცნო.