მოსკოველების 37% დადებითად აფასებს ბოლო პერიოდის საპროტესტო აქციებს - ეს შედეგი აჩვენა „ლევადა-ცენტრის“ სოციოლოგების მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ, რომელიც 7 აგვისტოს გამოქვეყნდა. კვლევის დამკვეთი იყო კრემლთან დაახლოებული „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდი.“
გამოკითხვის შედეგებით, საპროტესტო აქციების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს 27%-ს, ნეიტრალური, ან გულგრილი 30%-ს.
ამავე კვლევით, საპროტესტო გამოსვლების მიმართ დადებითად განწყობილი მოსკოველებიდან 26% აქციებში თავად არ მონაწილეობს, 9% არ გამორიცხავს, რომ აქციებს შეუერთდება და მხოლოდ 2%-ია, ვინც საპროტესტო აქციაში მონაწილეობა უკვე მიიღო.
„ლევადა-ცენტრის“ მიერ გამოკითხულთა 29% მოვლენების განვითარებას ყურადღებით აკვირდება, 48%-ს საპროტესტო აქციების შესახებ სმენია, 23%-მა კი თქვა, რომ ეს პირველად გაიგო.
83%-მა იცის, რომ 8 სექტემბერს მოსკოვის საქალაქო დუმის არჩევნებია.
მოსკოვში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაზე უარი უთხრა დამოუკიდებელ კანდიდატებს. 27 ივლისს და 3 აგვისტოს, პოლიციამ და ეროვნულმა გვარდიამ აქციები ძალის გამოყენებით დაშალეს და 2000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. შემდეგი აქცია 10 აგვისტოსაა დაგეგმილი.