რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა უცხოელ ჟურნალისტებს უამბო ანეკდოტი, რომელიც ასახავს აშშ-ის ჩვევას, ჩაერიოს სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში. ამ შინაარსის ინფორმაციას რუსული სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, აგვისტოს ომის მე-11 წლისთავის გამო, ცხინვალში იმყოფებიან ჩინელი, ბელგიელი, ირანელი და რუსი ჟურნალისტები. მათთან შეხვედრისას ბიბილოვმა აშშ დაადანაშაულა ნიკარაგუაში, ვენესუელაში, ირანსა და ჰონ კონგში რევოლუციების მოწყობის მცდელობაში და საქართველოს უწოდა აშშ-ის მმართველობის ქვეშ მყოფი ქვეყანა.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის განცხადებითვე, ამერიკელებს არ მოსწონთ, როცა სახელმწიფო დამოუკიდებელი ხდება, ამიტომ მიმართავენ სანქციებს, ანგარიშების დაყადაღებას და ასეთ ქვეყნებს პრობლემებს ხელოვნურად უქმნიან, შემდეგ კი, ამ პრობლემების მოლაპარაკების მაგიდასთან გადაწყვეტა უნდათ.
„რა საჭიროა მოლაპარაკებების მაგიდა, თუკი შესაძლებელი იყო ეს სიტუაცია არ დაგეშვა. ცხვირს ნუ ჩაყოფთ“ - განაცხადა ბიბილოვმა.
დე ფაქტო პრეზიდენტმა ჟურნალისტებს ასეთი ანეკდოტიც უამბო: „ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველი პრეზიდენტთან მიდის და ეუბნება - ამერიკული ნავთობი ვიპოვეთ. ძალიან კარგი, უნდა მოვიპოვოთ. დიახ, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ამ ამერიკული ნავთობის თავზე სახელმწიფოა, დავუშვათ, ირანი, ან ვენესუელა.“
ბიბილოვმა ანეკდოტის შინაარსიც განმარტა და თქვა, რომ ამერიკელებს მთელი დედამიწის სიმდიდრე თავისი ჰგონიათ და ფიქრობენ, რომ ეს სიმდიდრე მათ უნდა გაანაწილონ.