პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე „ტვ პირველის“ დამფუძნებლის, ვახტანგ წერეთლის გამოკითხვაზე დაბარების შესახებ შეკითხვას პასუხობს.
„თუ ჩვენ ვაშენებთ სახელმწიფოს, სადაც დაცულია კანონის უზენაესობის პრინციპი, მაშინ, თითოეული მოქალაქე კანონის წინაშე პასუხისმგებელია არა, როგროც მედიის წარმომადგენელი, ხელისუფლების წევრი, ან ოპოზიციონერი, არამედ, როგორც მოქალაქე, ვისზეც ვრცელდება კანონები. თუ ვინმე დაიბარეს პროკურატურაში და გამოკითხეს, ეს კანონმდებლობის ფარგლებში ხდება. პარლამენტი iინტერესდებოდა და დაინტერესდება თითოეული საქმით, რაზეც საჯარო ინტერესი არსებობს“, - ამბობს არჩილ თალაკვაძე.
პარლამენტის სპიკერი განმარტავს, მედიისადმი, როგორი დამოკიდებულება აქვს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას.
„მედიის თავისუფლება ჩვენთვის ფუნდამენტურია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ თავისუფალი მედია და ობიექტური ჟურნალისტიკა დემოკრატიის აუცილებელი შემადგენელია“, - აცხადებს თალაკვაძე. ის ამბობს, რომ ხელისუფლება არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებს, რაც ჟურნალსიტების საქმიანობას შეზღუდავს. ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში გარანტირებული იქნება მედიის დამოუკიდებლობის ხარისხი და მრავალფეროვნება.
პროკურატურის განცხადების თანახმად, ვახტანგ წერეთლის საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დაბარება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 2018 წლის 2 აგვისტოს დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება.
„ტვ პირველს" არ მოგაგუდინებთ!!!" - ასე გამოეხმაურა თავად ვახტანგ წერეთელი პროკურატურიდან მიღებულ შეტყობინებას.
წერეთელი მზადაა გამოძიების შეკითხვებს მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით 8 აგვისტოს გასცეს პასუხები.