ნარკორეალიზატორობის ბრალდებით ბათუმში პოლიციამ დააკავა ორი პირი: 1980 წელს დაბადებული ო.ფ. და 1963 წელს დაბადებული ხ.კ. დანაშაული 8-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა ბრალდებულებისგან ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა განახორციელეს. პოლიციამ მათ მიერ უკანონოდ გაყიდული 10 აბი ნარკოტიკული საშუალება და ნარკოტიკების შესაძენად გადახდილი თანხა ნივთმტკიცებად
ამოიღო“, - იტყობინება შს სამინისტრო.
ასევე, ო.ფ.-ს ავტომობილისა და საცხოვრებელი
სახლის ჩხრეკისას ამოღებულია 22 აბი „მდმა“ და გამომშრალი მარიხუანა; ხ.კ.-ს პირადი ჩხრეკისას კი - ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება.
შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტებზე, საქართველოს სს კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.