საქართველო ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მეორედ მასპინძლობისთვის იბრძოლებს

2025 წელს ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი შეიძლება ბორჯომსა და ბაკურიანში გაიმართოს. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობამ უკვე მიმართა ოფიციალური განცხადებით საერთაშორისო და ევროპის ოლიმპიურ კომიტეტებს.

სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა დღეს, აღმასკომის საგანგებო სხდომაზე გაახმაურა ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება. ხაბელოვისვე განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, საქართველოს გარდა რომელი ქვეყნები გამოთქვამენ ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის სურვილს.

ევროპის ზამთრისა და ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალები საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა (IOC) და ევროპის ოლიმპიური კომიტეტის (EOC) ეგიდით ტარდება და მასში მონაწილეობას 14-დან 18 წლამდე სპორტსმენები იღებენ.

ამ ღონისძიებათა განუყოფელი ნაწილებია ოლიმპიური დროშა, ცეცხლის დანთების ცერემონია და ოლიმპიური ფიცი. გარდა ამისა, სპორტსმენები ცხოვრობენ ოლიმპიურ სოფელში.

საქართველომ ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ერთხელ უკვე უმასპინძლა. ეს იყო ზაფხულის ფესტივალი, რომელიც თბილისში 2015 წელს გაიმართა და მასში ევროპის 50 ქვეყნის სპორტულმა დელეგაციამ მიიღო მონაწილეობა.