ლევან ვასაძე ბიძინა ივანიშვილს: უმკაცრესად გააკონტროლეთ მედია!

ბიზნესმენი და „სახალხო ლეგიონის“ შემქმნელი ლევან ვასაძე ტელემიმართვას ავრცელებს და მთავრობას და ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს შექმნას ე.წ. მარეგულირებელი ორგანო, რომელიც „უსასტიკესად დასჯის მედიას ცილისწამებისა და შეურცხყოფის, მათ შორის, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისათვის“.

მისივე თქმით, მკაცრი მედიარეგულატორი უნდა დაკომპლექტდეს პრინციპული, ეროვნული, უმწიკლო ხალხით, რომელიც ქრთამს არ აიღებს და გააკონტროლებს ქართული ტელესივრცის მუშაობას.​

ვასაძის ნახევარსაათიანი მიმართვა დაიწყო პასუხით - მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ლევან ვასაძის ღვინის მწარმოებელი კომპანია "ბაგრატიონი 1882" სახელმწიფოსგან შეღავათიანი აგროკრედიტით, 600 000 ლარით დაფინანსდა.

ამ ინფორმაციას ავრცელებს გადაცემა "თავისუფლების მონიტორი", რომელიც რადიო თავისუფლების და სტუდია "მონიტორის" ერთობლივი პროექტია.

Your browser doesn’t support HTML5

უფასო ფული მილიონერებისთვის

ვასაძე ამ ამბავს დეზინფორმაციას უწოდებს და ამბობს, რომ მისმა კომპანიამ „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში მართლაც მიმართა სახელმწიფოს, მაგრამ ეს იყო 5 წლის წინ და საუბარია არა 600 000, არამედ ჯამში 975 000 ლარი სესხზე, საიდანაც დღეს გადასახდელია კიდევ 363 000 ლარი.

ვასაძე ამბობს, რომ მსგავსი შეღავათიანი კრედიტით არაერთ ბიზნესს უსარგებლია და ამაში გასაკვირი არაფერია, მისი სიტყვებით, მის მიერ ჩადებული ინვესტიცია ამ თანხას 31-ჯერ აღემატება.

ვასაძე ამბობს, რომ „ტელეტერორიზმი, რომელშიც არის გადავარდნილი ლიბერალური ქართული ტელევიზია, ჩვენი ქვეყნისთვის უაღესად მავნებელი“.

ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ ვერ შედგება სახელმწიფო სახელმწიფოდ, რომელსაც არა აქვს მკაცრად გაკონტროლებული მედიაპოლიტიკა.

„ჩემმა მტერმა უყურა ქართულ ტელევიზიას. მე უკვე ხუთი წელია აღარ ვუყურებ. მაგრამ ვიცი, რომ არსებობს უამრავი ხალხი, ვინც, მაგალითად „რუსთავი 2“-ს უყურებს და თან აგინებს. გამორთე რა, და აღარ იარსებებს მისი რეიტინგი“, - მაგრამ ლევან ვასაძე ამბობს, რომ ეს საკმარისი არ არის.

აქ უკვე ვასაძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და ეუბნება, რომ „ასეთი ფარღალალა მედიის“ პირობებში ვერანაირ სტაბილურობას ქვეყანა ვერ მიაღწევს:

„დაანებეთ თავი ამ თქვენს ბოლომდე წაუკითხავი წიგნების ციტირებას დემოკრატიის და თავისუფლების შესახებ, ეს არ არის დემოკრატია, ეს არის დემონოკრატია. აბა, მიგვეცათ უფლება ჩაეტარებიბათ პრაიდი. და მერე ჩვენ გაველახეთ თქვენი პოლიციელების ხელით. მერე ნახავდით, როგორც წაგლეკავდათ თქვენ ჩვენი ცუნამი“.

ლევან ვასაძე მიმართავს ხელისუფლებას, რომ მათ აქვს ბოლო შანსი, თუ სურთ ქვეყნის მართვა: „მორჩით ამ სიზმარა ევროპის გაკვირვებას დემოკრატიით“, - აცხადებს ლევან ვასაძე.