იუწყებიან, რომ გრიგორი კარასინს შეცვლის საქართველოდან 2007 წელს გაძევებული ივან ვოლინკინი

ივან ვოლინკინი

რუსეთში გამომავალი გაზეთის, "კომერსანტის" ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ფაქტობრივად ჩამოყალიბდნენ იმის შესახებ, თუ ვინ შეცვლის ფედერაციის საბჭოში მიმავალ გრიგორი კარასინს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე.

გამოცემა რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ამ პოსტზე განიხილება სამი კანდიდატი და მათ შორის ლიდერობს სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ამჟამინდელი ხელმძღვანელი, 60 წლის დიპლომატი, ივან ვოლინკინი.

ივან ვოლინკინს საქართველოშიც აქვს ნამუშევარი, რუსეთის ფედერაციის საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის პოზიციაზე. 2007 წლის 12 ნოემბერს ვოლინკინმა საქართველო დატოვა მრჩეველთან და მესამე მდივანთან ერთად, მას შემდეგ, რაც საქართელოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ისინი ჯაშუშურ საქმიანობაში დაადანაშაულა.

ვოლინკინს დამთავრებული აქვს МГИМО, საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში 1981 წლიდან მუშაობს. ნამუშევარი აქვს საჭოთა კავშირის და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლობებში იუგოსლავიაში, აშშ-ში, სერბიაში, მონტენეგროში, ჩრდილოეთ მაკედონიაში. 2009-2013 წლებში ვოლინკინი იყო საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თანაშემწე, მუშაობდა სამინისტროს გენერალური სამდივნოს დირექტორის მოადგილედ. 2013-2018 წლებში იყო რუსეთის ელჩი სომხეთში. 2017 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

მიმართულება, რომელსაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გრიგორი კარასინი ხელმძღვანელობს, ითვლება ერთ-ერთ ყველაზე რთულად და ამავდროულად ერთ-ერთ ყველაზე დიდი მნიშვნელობის მქონედ რუსეთის საგარეო პოლიტიკისთვის. ის მოიცავს საკითხებს, რომელთა შესახებაც გადაწყვეტილებები ხშირად კრემლში მიიღება და არა სამინისტროში. მათ შორისაა უკრაინის კონფლიქტი, მთიანი ყარაბაღის და დნესტრისპირეთის საკითხები, ისევე, როგორც სავაჭრო საკითხები ბელორუსიასთან.

გრიგორი კარასინი რუსეთის წარმომადგენელია საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებების ფორმატში, რომელიც დაიწყო 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ და რომელზეც საქართველოს წარმოადგენს პრემიერ-მინისტრის საგანგებო წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე. შეხვედრებზე განიხილება სავაჭრო – ეკონომიკური კავშირები ორ ქვეყანას შორის.