20-21 ივნისის მოვლენების გამოძიების ფარგლებში ბრალდებულ პირებს - მორის მაჩალიკაშვილს, ილია მემარნიშვილს, ბეჟან ლორთქიფანიძეს და გიორგი ქურდოვანიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გამოაცხადა.
დაცვის მხარე ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას ითხოვდა, ბრალდების მხარე კი - პატიმრობას.
სახეობათა კონსერვაციის ცენტრ „ნაკრესის“ მკვლევარი ბეჟან ლორთქიფანიძე, რომელმაც 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობისას, ზოოპარკიდან გამოქცეული „ბეგი“ დააძინა, შსს-მ 25 ივლისს დააკავა. უწყების ცნობით, ბეჟან ლორთქიფანიძე აქციაზე „გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით პოლიციელების მიმართ, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა მათ და ძალადობით ცდილობდა კორდონის გარღვევას“. მის მიმართ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის გამო, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას.
კიდევ ერთი დაკავებული, მორის მაჩალიკაშვილი, რომელსაც დღეს სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა, მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილია.
შსს-ის თანახმად, "დადგინდა, რომ 1993 წელს დაბადებული მ.მ., ფიზიკური ძალის გამოყენებით თავს დაესხა სამართალდამცველებს და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში. ხოლო, 1976 წელს დაბადებული გ.ქ., სამართალდამცველებს ურტყამდა რეზინის ღვედს და მონაწილეობდა ჯგუფურ ძალადობაში".
"ამ მიწიერი ჯოჯოხეთის გავლა ვაჟკაცთა ხვედრია. ჩვენ ციხე არ შეგვაშინებს, არც მე და არც ჩემს მოდგმას", - განაცხადა ჟურნალისტებთან მალხაზ მაჩალიკაშვილმა საქალაქო სასამართლოში მას შემდეგ, რაც მის ძმისშვილს, მორის მაჩალიკაშვილს პატიმრობა შეეფარდა.
ბეჟან ლორთქიფანიძის ადვოკატის თქმით, ის აუცილებლად გაასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას.