შსს-მ 20-21 ივნისის საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავა, მათგან ერთი მაჩალიკაშვილის ძმის შვილია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ორი პირი დააკავა. ამის შესახებ შსს-ს განცხადებას ავრცელებს.

მათგან ერთ-ერთი დაკავებული მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი მორის მაჩალიკაშვილია. ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ამ წუთას შემატყობინეს, ჩემი ალალი ძმისშვილი, რომელიც მყავს ჩემი უდანაშაულოდ მძინარე საწოლში მოკლული თემირლანის ადგილას, ამ ბოროტი სისტემის მიერ იქნა დაკავებული. ედავებიან 225 მეორე ნაწილს. ძალიან ცუდად იქცევით დღევანდელი ნაძირალა სისტემა“, - წერს მაჩალიკაშვილი.

შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ფაქტზე, კიდევ ორი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების დროს, მონაწილეობას იღებდნენ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობაში, პოლიციელებზე თავდასხმაში და ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას.

კერძოდ, დადგინდა, რომ 1993 წელს დაბადებული მ.მ., ფიზიკური ძალის გამოყენებით თავს დაესხა სამართალდამცველებს და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში. ხოლო, 1976 წელს დაბადებული გ.ქ., სამართალდამცველებს ურტყამდა რეზინის ღვედს და მონაწილეობდა ჯგუფურ ძალადობაში.

აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, პასუხისგებაში მიცემულია ჯამში 19 პირი.