„მე გპირდებით, რომ ეს ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე. ამ ბრძოლას გავაგრძელებ ჩემს მეგობრებთან ერთად, რომ ეს ქვეყანა და ჭაობა შეიცვალოს“, - ამ სიტყვებით დაასრულა ჟურნალისტებთან კომენტარი მამუკა ხაზარაძემ, „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, რომელსაც რამდენიმე წუთის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ 700 ათასი ლარის გირაო შეუფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით.
ამავე რაოდენობით გირაო შეეფარდა „თიბისის“ კიდევ ერთ დამფუძნებელს ბადრი ჯაფარიძეს. მათ გამოძიება ფულის გათეთრებას ელოდება.
მამუკა ხაზარაძის თქმით, ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც მან ივლისის დასაწყისში დააფუძნა, ქვეყანაში არსებულ ერთპიროვნულ მმართველობას დაასრულებს:
„ძალიან მიხარია, რომ სულ რაღაც ერთი კვირის წინ გამოვაცხადე საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების შესახებ, რომელიც იქნება ძალიან აქტიური და მასშტაბური და მის გეგმებს ძალიან მალე გაიგებთ. აქ იქნება აბსოლუტურად ახალი თაობა და პროფესიონალები, ძალა, ვისაც უყვარს საქართველო, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვის, ვისაც არ უნდა რუსული ორიენტაცია, ვინც ებრძვის ოკუპაციას და ვისაც უნდა, რომ საქართველო ერთხელ და სამუდამოდ შედგეს წარმატებულ ქვეყნად, რათა იქ ნეპოტიზმსა და კლანურ, ერთპიროვნულ მმართველობას არ ჰქონდეს ადგილი. დღეს ჩვენ პრაქტიკულად ვართ სიტუაციაში, სადაც ერთი პირი მართავს ქვეყანას ინსტიტუციების გარეშე. ის არის ამ ქვეყნის დირიჟორი, რომელსაც ჰყავს ძალიან ცუდი შემსრულებლები. მე გპირდებით, რომ ეს ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე. ამ ბრძოლას გავაგრძელებ ჩემს მეგობრებთან ერთად, რომ ეს ქვეყანა და ჭაობა შეიცვალოს. მე გარანტიას გაძლევთ, ეს სისტემა დაინგრევა ძალიან მალე. და ისინი სახლში წავლენ“.
გარდა გირაოსი, სასამართლოს გადაწყვეტილებით, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს საგამოძიებო უწყების ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე, საქართველოს დატოვება აეკრძალათ.
პროკურატურამ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 24 ივლისს წარუდგინა.
პროკურატურის გადაწყვეტილების თანახმად, გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ, მათ მიერ, ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).
2018 წელს პროკურატურის მიერ დაწყებულ ამ გამოძიებას მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე იმთავითვე ანაკლიის პორტის განვითარებას უკავშირებდნენ.
2019 წლის გაზაფხულზე, 4 მარტს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას ხაზარაძემ ასევე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ შინაგან საქმეთა მინისტრისგან გიორგი გახარიასგან მიიღო წერილი რეპუტაციის დანგრევის მუქარით. შინაგან საქმეთა მინისტრმა ფაქტი უარყო. ხაზარაძემ წერილი გამოძიებას წარუდგინა. მაშინ „თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებელი იმასაც აცხადებდა, რომ მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება დაპატიმრების შესახებ პერიოდულად გავრცელებული ხმებით
ივლისის დასაწყისში მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის შესახებ გააკეთა განცხადება.