ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას ოპოზიცია პოლიტიკურ რეპრესიად აფასებს

ირაკლი ოქუაშვილის პარტიის „გამარჯვებული საქართველოს“ ოფისში ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. ოპოზიცია ოქრუაშვილის დაკავებას პოლიტიკურ რეპრესიად აფასებს.

"გამარჯვებული საქართველოს" წარმომადგენლის კოტე კემულარიას განცხადებით, ხელისუფლების განცხადებები, რომ თითქოს არსებობს ნათელი მტკიცებულებები ირაკლი ოქრუაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით „არის გამოგონილი და მას არანაირი კავშირი სამართალთან და მტკიცებულებებთან არ აქვს“. კოტე კემულარიას განმარტებით, ხელისუფლება ცდილობს არაპროპორციული ძალის გამოყენებით დარბეული აქცია გადაფაროს პოლიტიკური ლიდერების მიმართ პოლიტიკური ბრალდებების შეთხზვით და მათი დაკავებით.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, საქართველოში დაიწყო პოლიტიკური რეპრესიები და მატულობს პოლიტპატიმრების რიცხვი. გრიგოლ ვასაძის სიტყვებით, რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს, საღამოს 7-დან დილის 7-ის ნახევრამდე იმყოფებოდა და სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ირაკლი ოქრუაშვილს არ დაუგეგმავს არავითარი გადატრიალება.

„[ირაკლი ოქრუაშვილს] არავითარი ძალადობა არ დაუგეგმავს, არავითარი კონსულტაციები სახელმწიფო გადატრიალების მიზნით არ დაუგეგმავს და მონაწილეობა მასში არ მიუღია, არავითარი ჯგუფი არ შეუქმნია, რომლის მიზანიც ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო, რუსთაველის გამზირზე მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებებს იცავდა. აუცილებელად გამოვიყვანთ ციხიდან“.

"ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენლის გიორგი გუგავას განცხადებით პოლიტიკური ოპონენტის დაპატიმრება არის „კრემლიდან დანიშნული მეფისნაცვლის, ივანიშვილის მცდელობა ქვეყანაში დიქტატურა დაამყაროს“.

გუგავას ვარაუდით ირაკლი ოქრიაშვილის დაკავებას საფუძვლად უდებს მის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის ნამდვილობა "რუსთავი -2"-ის მესაკუთრეობასთან დაკავშირებით.

„ასევე, ირაკლი ოქრუაშვილმა ამხილა უკანონო ქმედებებში ეს რეჟიმი“,- აცხადებს გიორგი გუგავა.

"რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებით ბიძინა ივანიშვილის მიზანია დისონანსი შეიტანოს პოლიტიკურ ძალებში და „ ფიქრობს, რომ ასეთი რეპრესიებით შეაშინებს პოლიტიკურ ძალებს და ბიზნესს“.

„აგონიაში მყოფი ხელისუფლება, რომელიც დგამს კატასტროფულ ნაბიჯებს და ფიქრობს, რომ ძალაუფლების შენარჩუნება შესაძლებელია მხოლოდ ძალაუფლების დემონსტრირებით, აუცილებლად მარცხდება საზოგადოებასთან და ეს ასეც მოხდება“,- აცხადებს ხათუნა სამნიძე.

პარტია "კანონისა და სამართლის" დამფუძნებლის თაკო ჩარკვიანის განცხადებით საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ყველა პატრიოტი ერთიანდება.

„საქართველოს დამოუკიდებლობისთვის სასიცოცხლო ძარღვს გადავღრღნით ყველა პატრიოტი და ნორმალური მოქალაქე.... აბა დამიჭიროს“,- მიმართა მან ბიძინა ივანიშვილს.

პარტია "სახელმწიფო ხალხისთვის" წევრის ნიკა მაჭუტაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და დასავლურ არჩევანს. ნიკა მაჭუტაძე საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს გამოიჩინოს ყურადღება.

ოქრუაშვილისათვის ბრალდება ჯერ არ წარუდგენიათ, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხუთშაბათს საღამოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 20 ივნისს საქართველოს „პარლამენტის შენობაზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დროს, ირაკლი ოქრუაშვილი თანმხლებ პირებთან ერთად, მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს და თავადაც ცდილობდა პარლამენტის შენობაში ძალადობრივ შეჭრას“.

ეს განცხადება გააკეთა შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ.