არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას ავრცელებენ თიბისი ბანკის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და მოუწოდებენ გენერალურ პროკურატურას წარმოადგინოს და გაასაჯაროვოს დამაჯერებელი მტკიცებულებები „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალეულობის შესახებ, რათა საზოგადოებაში არ დარჩეს კითხვები ბრალდების სხვა მოტივებთან დაკავშირებით.
„ვფიქრობთ, რომ ამ საქმის გარშემო არსებულ გარემოებათა ერთობლიობა, ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიმართ გამოძიების დაწყება და ბრალის წაყენება, შესაძლოა, იყოს პოლიტიკურად მოტივირებული. ამ ვარაუდს კიდევ უფრო ამყარებს ის ფაქტი, რომ მიმდინარე წლის 9 ივლისს მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის შესახებ განცხადება გააკეთა. ამასთანავე, მამუკა ხაზარაძე არის „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი, რომელიც ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტის მთავარი განმახორციელებელია. მამუკა ხაზარაძემ ჯერ კიდევ 2019 წლის მარტის თვეში, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას, ღიად ისაუბრა შინაგან საქმეთა მინისტრისა და ეროვნული ბანკის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლასა და შანტაჟზე.
ყოველივე აღნიშნული კიდევ უფრო ამყარებს სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ გამოთქმულ შეშფოთებას არაფორმალური მმართველობისა და სახელმწიფოს მიტაცების მზარდი ტენდენციის შესახებ...
ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, კარგად გააცნობიეროს საკითხის სერიოზულობა და გაიაზროს ის ზიანი, რაც სახელმწიფო ინტერესებს შეიძლება შეექმნას, როგორც შერჩევითი თუ პოლიტიკური მართლმსაჯულების შესახებ საფუძვლიანი ეჭვების კიდევ უფრო გაღრმავებით, ისე საქართველოს გრძელვადიანი უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესი ანაკლიის პორტის პროექტის ნებისმიერი ფორმით შეფერხების შემთხვევაში. მივმართავთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს „თიბისი ბანკისა“ და ანაკლიის პორტის პროექტის ირგვლივ, რათა გამოუსწორებელი ზიანი არ მიადგეს საქართველოს გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას“, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერს: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, ღია საზოგადოების ფონდი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, მედიის განვითარების ფონდი, მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის, კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი, საქართველოს რეფორმების ასოციაცია, მწვანე ალტერნატივა, საქართველს ატლანტიკური საბჭო, საფარი, საქართველოს გაეროს ასოციაცია, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, სამოქალაქო განვითარების სააგენტო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ "თიბისი ბანკის" თანადამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 24 ივლისს წაუყენა.
პროკურატურის განცხადებით, 2018 წლის აგვისტოში დაწყებული გამოძიებისას მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე „გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ, მათ მიერ ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება“.