Euronews-ი ქართულ ენაზე იწყებს მაუწყებლობას

Euronews-ი ქართულ ტელესივრცეში იწყებს მაუწყებლობას. „Euronews საქართველოს“ ქართულენოვანი მაუწყებლობა ექნება და მისი ეთერი Euronews-ის ინფორმაციასთან ერთად 20%-ით ქართულ ამბებსაც დაეთმობა. ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი Euronews-მა „სილქნეტთან“ 25 ივლისს გააფორმა.

მემორანდუმს ხელი „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი რამიშვილმა და Euronews-ის აღმასრულებელი დირექტორმა მიშელ პეტერსმა მოაწერეს.

Euronews-ი 1993 წლიდან მაუწყებლობს. მისი სათაო ოფისი საფრანგეთში, ლიონშია. 2015 წლიდან მისი აქციების 53%-ს ფლობს კომპანია Media Globe Networks, რომლის დამფუძნებელიც ეგვიპტელი მილიარდერი ნაგიბ სავირისია. დღეისთვის ის 13 ენაზე მაუწყებლობს, მათ შორის უკრაინულ, რუსულ, თურქულ, სპარსულ, ინგლისური, ფრანგულ და სხვა ენებზე.