აშშ-ის საელჩო ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენების კონტექსტმა შეაშფოთა

აშშ-ის საელჩო საქართველოში აცხადებს, რომ ყურადღებით აკვირდება გენერალური პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ წაყენებული კრიმინალური ბრალდებების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

საელჩო შეშფოთებას გამოთქვამს ბრალის წაყენების კონტექსტსა და დროის გარემოებასთან დაკავშირებით.

„მიუკერძოებელი და გამჭვირვალე სამართლებრივი სისტემა, რომელიც თავისუფალია პოლიტიკური გავლენისაგან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს დასავლური ინტეგრაციისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საქმეში. ჩვენ კვლავ მხარს ვუჭერთ ანაკლიის პორტის პროექტს, რომელიც ამერიკული ინვესტიციის მნიშვნელოვანი წყაროა საქართველოში და რომელსაც აქვს პოტენციალი ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას“ - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ "თიბისი ბანკის" თანადამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 24 ივლისს წაუყენა. პროკურატურის განცხადებით, 2018 წლის აგვისტოში დაწყებული გამოძიებისას მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე „გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ, მათ მიერ ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.“

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ და თავისი სიმართლის დამტკიცებას აპირებენ. მამუკა ხაზარაძე, რომელიც "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" თანადამფუძნებელიცაა, აცხადებს, რომ ყველაფერი მიმართულია ანაკლიის პორტის პროექტის შეჩერებისკენ.