მამუკა ხაზარაძე: მე ვიყავი საბჭოთა პროკურატურაში

„მე ვიყავი საბჭოთა პროკურატურაში“, - ამ სიტყვებით დატოვა მამუკა ხაზარაძემ, თიბისი ბანკის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, პროკურატურის შენობა, სადაც მას და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს, ბრალის დადგენილება გადაეცა:

„არ შევუდგები ბრალეულობაზე კომენტარების გაკეთებას, ეს ადვოკატების საქმეა და გასაგებია, რომ ეს ყველაფერი არის თითიდან გამოწოვილი და აბსურდული. ეს არის გაგრძელება ორკესტრირებული შეტევისა, რომელსაც ძალიან ცუდი დირიჟორები და მუსიკოსები ჰყავს. მე მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი ბრიფინგი არის ზუსტად გამეორება იმ წინა ორი ბრიფინგისა, რომელმაც გამოიწვია იანვარ-თებერვალში, ლონდონში, ჩვენი აქციონერების 200 მილიონი დოლარით დაზარალება. დღევანდელი ბრიფინგის გამო, მხოლოდ იმის გამო, რომ აქ ხუთი წუთით მოვსულიყავით და რაღაც ქაღალდები გადმოეცათ ჩვენი ადვოკატებისთვის, 8%-ით დააგდეს თიბისი ბანკის აქციები და ისევ დააზარალეს რამდენიმე ათეული მილიონით ჩვენი ინვესტორები. ეს არის პირდაპირი მიზანმიმართული ქმედება. ისინი აზარალებენ საქართველოს საინვესტიციო კლიმატს. ეუბნებიან ინვესტორებს, რომ თქვენ აქ უსაფრთხოდ არ ხართ. ვიღაც ჩინოვნიკს, ბიუროკრატს შეუძლია გამოვიდეს და დაანგრიოს ყველაზე წარმატებული ინსტიტუტის და მთლიანად ინსტიტუციის რეპუტაცია“.

თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს მამუკა ხაზარაძესა და მის მოადგილეს ბადრი ჯაფარიძეს, პროკურატურამ ბრალი 24 ივლისს წარუდგინა.

პროკურატურის გადაწყვეტილების თანახმად, გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ, მათ მიერ, ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ გენერალური პროკურატურა ცოტა ხნის წინ დატოვეს.