პროკურატურამ ბრალი წარუდგინა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს

მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე

საქართველოს პროკურატურამ თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს მამუკა ხაზარაძესა და მის მოადგილეს ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარუდგინა. ამის შესახებ პროკურატურაში სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2018 წლის 2 აგვისტოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სს თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და მოადგილის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე.

მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება.

გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ, მათ მიერ, ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

ასევე გვსურს გაცნობოთ, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს დაბარებულნი არიან საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მათთვის ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით.

საქართველოს გენერალური პროკურატურა მ.ხაზარაძისა და ბ.ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე.

აღკვეთის ღონისძიების სახის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას მივაწვდით დამატებით"-აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადება პროკურატურამ სპეციალურ ბრიფინგზე გაავრცელა.

უკანონო შემოსავლის სავარაუდო ლეგალიზების ფაქტზე 2018 წელს პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე „ანაკლიის პორტის“ განვითარებას უკავშირებდნენ.

2019 წლის გაზაფხულზე, 4 მარტს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას ხაზარაძემ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ შინაგან საქმეთა მინისტრისგან გიორგი გახარიასგან მიიღო წერილი რეპუტაციის დანგრევის მუქარით. შინაგან საქმეთა მინისტრმა ფაქტი უარყო. ხაზარაძემ წერილი გამოძიებას წარუდგინა. მაშინ „თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებელი იმასაც აცხადებდა, რომ მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება დაპატიმრების შესახებ პერიოდულად გავრცელებული ხმებით

ივლისის დასაწყისში მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის შესახებ გააკეთა განცხადება.

თუ ამ ქვეყნის მოქალაქე ხარ, თუ მისთვის გული გიძგერს, არ შეიძლება ამ ყველაფერს გვერდიდან და გულგრილად უყურო, არ შეიძლება შენი დრო, ენერგია, საქმე, ყველაზე მთავარს არ მოახმარო - სამშობლოს კეთილდღეობასა და მის თავისუფლებას. ამ ყველაზე დიდ ცნებას, რომლის გარეშეც ადამიანის არსებობას ფასი არ აქვს”, - წერდა მაშინ მამუკა ხაზარაძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. ამავე განცხადების თანახმად, ხაზარაძისთვის 20 ივნისის ღამე გახდა წყალგამყოფი, როდესაც ახალგაზრდობა ოკუპაციისა და ძალადობის წინააღმდეგ გამოვიდა.