30 მლნ. ჭიდაობისთვის 4 წელიწადში - IDFI-მ ჭიდაობის ფედერაციაში კორუფციის რისკები შეისწავლა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ჭიდაობის ფედერაციის ფინანსების შესახებ კვლევას აქვეყნებს, სადაც საუბარია თანხების განკარგვის გაუმჭვირვალობაზე, კორუფციის რისკებსა და ინფორმაციის მოპოვების სირთულეებზე.

"ბოლო პერიოდში საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია არაერთხელ მოხვდა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. მოჭიდავეების და ამ სფეროში მოღვაწე პირების გარკვეულმა ჯგუფმა მედიას არაერთხელ გააცნეს ფედერაციაში საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი განკარგვის და ფედერაციის მართვის პროცესებთან დაკავშირებული გადაცდომების სავარაუდო ფაქტები." - ნათქვამია კვლევაში, სადაც მოყვანილია კონკრეტული საეჭვო ფაქტები.

  • ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე მოწვეული მსაჯებისათვის გადახდილი თანხები ფინანსურ ანგარიშებში დაანგარიშებულია დღიურად 100 ლარი, ხოლო ხელშეკრულებაში და მიღება ჩაბარების აქტებში დღიურად 100 აშშ დოლარი.
  • თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეების სპორტული ფორმების საქართველომდე ტრანსპორტირებაში ფედერაციამ 12,517 ლარი გადაიხადა, ხოლო ადგილობრივ ტრანსპორტირებაში, ანუ ქალაქ თბილისის საბაჟოდან ჭიდაობის ფედერაციის შენობამდე ეკიპირების ტრანსპორტირებაში - 8,276 ლარი.
  • შეჯიბრისთვის საჭირო ინვენტარის მოწყობისთვის ჭიდაობის ფედერაციამ დაიქირავა ამავე ფედერაციის ყოფილი გენერალური მდივანი.
  • თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგებისათვის, ადმინისტრაციული ჯგუფისთვის გათვალისწინებული 63,580 ლარიდან, ყველაზე დიდი ფულადი ჯილდო (12,980 ლარი) დაერიცხა ფედერაციის ფინანსურ მრჩეველს.
  • ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ადმინისტრაციული ჯგუფისთვის გამოყოფილი თანხები პრემიის სახით ნაწილდება გაურკვეველი პრინციპით, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ე.წ. „ატკატების“ რისკს.
  • 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის მესამე ადგილოსანს ანტიდოპინგური წესების დარღვევისათვის ჩამოერთვა ბრინჯაოს მედალი და მისი ჩამორთმევიდან დაახლოებით 3 თვის შემდეგ ამ შედეგისთვის დადგენილების შესაბამისად (სპორტსმენზე, მწვრთნელზე, საექიმო და ადმინისტრაციული პერსონალზე) გაიცა 61,200 ლარის ოდენობის ფულადი პრიზები.


2015-2018 წლებში საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაზე სპორტის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამიდან და სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგებისთვის გამოყოფილი თანხის ჯამურმა ოდენობამ დაახლოებით 30 მლნ. ლარი შეადგინა - ნათქვამია IDFI-ს ანგარიშში, რომელიც 23 ივლისს გამოქვეყნდა.