ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ახალი გენერალური დირექტორის, პაატა სალიას ინფორმაციით, საღამოსთვის დაიგეგმა ჟურნალისტებთან შეხვედრა.
დღის პირველ ნახევარში სალია შეხვდა კომპანიის ფინანსურ დირექტორს, ირაკლი ნიჟარაძეს და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსს, თამილა გველესიანს.
„თამილასთან მქონდა საკმაოდ ხანგრძლივი და კარგი საუბარი. მან ისაუბრა კომპანიაში არსებულ სულისკვეთებაზე, გამაცნო ზოგადად, კომპანიის სტრუქტურა, ამიხსნა როგორ მუშაობს კომპანია“ - უთხრა სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტებს პაატა სალიამ.
მისი ინფორმაციით, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებთან შეხვედრა საღამოსთვის, ყველა საინფორმაციო გამოშვების დასრულების შემდეგ იგეგმება.
18 ივლისს, მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა „რუსთავი 2“-ის საჩივარი, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა ტელეკომპანიის მფლობელად მისი დარეგისტრირების და „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან ნიკა გვარამიას გათავისუფლების მიზნით.
სააგენტომ შესაბამისი პროცედურები რამდენიმე საათში დაასრულა. „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად დაინიშნა ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია.