თეა წულუკიანი: რუსთავი 2“-ის საქმეზე დავა დასრულებულია სახელმწიფოს გამარჯვებით

„რუსთავი 2“-ის საქმეზე დავა დასრულებულია სახელმწიფოს გამარჯვებით“, - ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც 18 ივლისს, 12 საათზე გახდა ცნობილი.

წულუკიანის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაუშვებლად სცნო „რუსთავი2“- ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა.

  • „ევროპული სასამართლოს 7 მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ ერთხმად გადაწყვიტა, რომ:
  • აღარ არსებობს 2017 წლის მარტში გამოყენებული შეჩერების ღონისძიების მიზანშეწონილობა და ის არის მოხსნილი;
  • დაუშვებლად ცნო „რუსთავი 2“-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა;
  • დაუშვებლად ცნო, როგორც დაუსაბუთებელი, მე-2, მე-3 და მე-4 მომჩივნების საჩივარი საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით;
  • 6 ხმით ერთის წინააღმდეგ დაადგინა, რომ არ დარღვეულა მე-2, მე-3 და მე-4 მომჩივნების სამართლიანი სასამართლოს უფლება მოსამართლეებთან თ. ურთმელიძესა და მ. თოდუასთან დაკავშირებით;
  • ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა მე-2, მე-3 და მე-4 მომჩივნების სამართლიანი სასამართლოს უფლება მოსამართლე ნ. გვეტაძესთან დაკავშირებით;
  • ერთხმად დაუშვებლად ცნო სამართლიანი სასამართლოს ნაწილში დანარჩენი პრეტენზიები.
  • ერთხმად დაადგინა, რომ არ არსებობს საჩივრის განხილვის აუცილებლობა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის ჭრილში.
  • გადაწყვეტილებას ერთვის მე-2, მე-3 და მე-4 მომჩივნების ნაწილში სამართლიანი სასამართლოს უფლების საკითხთან დაკავშირებით უმცირესობაში დარჩენილი 1 მოსამართლის ბ-ნი დე გაეტანოს ნაწილობრივ განსხვავებული აზრი.
  • ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასევე ნათქვამია, რომ განხილულ იქნა მომჩივანი მხარის აცილების მოთხოვნა მოსამართლე ლადო ჭანტურიასადმი და ის უარყოფილ იქნა, როგორც „სრულიად დაუსაბუთებელი“.

რაც შეეხება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების მოხსნას, თეა წულუკიანის სიტყვებით, ეს დამოკიდებულია არა სახელმწიფოზე, არამედ ტელეკომპანიის მესაკუთრეზე, ქიბარ ხალვაშზე:

თეა წულუკიანის თქმით, ახალი მესაკუთრის გადასაწყვეტია, როდის მოხსნის აღსრულების შემჩერებელ მექანიზმს.

„სახელმწიფოს გადასაწყვეტი არ არის, როდის შეიძლება შეჩერების შესახებ მოხსნის გადაწყვეტილება აღსრულდეს. ეს მთლიანად დამოკიდებულია ტელეკომპანიის იმ მესაკუთრეზე, რომელიც უზენასი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით, არის ქიბარ ხალვაში და მისი კომპანია. ამასთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ ერთხმად თქვა, რომ საკუთრების უფლება არ დარღვეულა, რომ სამათლიანი სასამართლოს უფლება არ დარღვეულა და აქედან გამომდინარე, ახალ მესაკუთრეს აქვს თავისი გადაწყვეტილების თავისუფლება, რაზეც თავად გვეტყვის, ალბათ.

რაც შეეხება იმას, კმაყოფილი ვართ თუ არა, ეს გადაწყვეტილება ამტკიცებს, რისი მოლოდინიც ჩვენს მხარეს ჰქონდა. ჩვენ მიერ სხვადასხვა დროს წარდგენილი 400-ზე მეტ გვერდიანი შესაგებლები, სრულად იქნა გაზიარებული ეროპული სასამართლოს მიერ და დადგინდა, რომ ქართული სასამართლოების გადაწყვეტილებები სამართლიანი და სანდო იყო“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს სასამართლო ინსტანციებმა "რუსთავი 2" მის ყოფილ მფლობელს, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნეს. რაზე დაობდა ქიბარ ხალვაში, იხილეთ აქ.