პაკისტანში დააკავეს მუმბაის ტერაქტის სავარაუდო სულისჩამდგმელი

ჰაფიზ საიდი

პაკისტანის ხელისუფლება აცხადებს, რომ დაპატიმრებულია რადიკალი ექსტრემისტი, ჰაფიზ საიდი, რომელიც ბრალდებულია 2008 წელს მუმბაიში მომხდარი ტერაქტის ორგანიზებაში, რომლის შედეგადაც დაიღუპა 166 კაცი. ბრალდებულის დაპატიმრება მოხდა ერთი დღით ადრე, როდესაც პაკისტანის პრემიერ-მინისტრი იმრან ხანი აპირებდა შეხვედრას აშშ-ის ხელისუფლების მაღალი რანგის პირებთან.

ტერაქტის სავარაუდო ორგანიზატორის დაპატიმრებას მიესალმა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც ისლამაბადს ხშირად აკრიტიკებდა საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ არასაკმარისი ბრძოლისათვის.

„ათწლიანი ძებნის შემდეგ, პაკისტანში დააპატიმრეს მუმბაის ტერაქტის ე.წ. „სულისჩამდგმელი“. ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელდა დიდი ზეწოლა, მის მოსაძებნად“, - დაწერა ტრამპმა ტვიტერში.

აშშ-ის პრეზიდენტის ამ ცნობას გამოეხმაურა წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, რომლის თანახმად, „პაკისტანი არ ეძებდა 10 წლის განმავლობაში საიდს“, და რომ იგი „თავისუფლად ცხოვრობდა“ და 2001 წლიდან მოყოლებული, არაერთხელ იქნა დაპატიმრებული და მერე გათავისუფლებული.