გიორგი გახარია გმობს ზეწოლას ინგა გრიგოლიას მიმართ

შს მინისტრმა მადლობა გადაუხადა ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას და დაგმო მის მიმართ გამოვლენილი ზეწოლა და ბულინგი. ეს განცხადება გახარიამ გააკეთა 17 ივლისს, გენერალურ პროკურატურაში მისი გამოკითხვის დასრულების შემდეგ.

„მინდა, ერთმნიშვნელოვნად ხაზი გავუსვა და მხარი დავუჭირო ქალბატონ და ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას. ჩემთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო მასთან ეთერში მისვლა. ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის ზეწოლა, ჩვეულებრივი, ელემენტარული ბულინგი, რომელსაც მასზე ახორციელებდნენ. მე მინდა მას მადლობა გადავუხადო მწვავე, ძალზედ მწვავე დისკუსიისთვის, რომლის დროსაც მე მქონდა საშუალება ჩემი აზრი გამომეთქვა, ზოგჯერ მწვავე კამათში“, - განაცხადა გახარიამ.

ინგა გრიგოლია შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციული ქმედებების სამიზნე გახდა მას შემდეგ, რაც 11 ივლისს, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ჟურნალისტს სტუმრად ჰყავდა შს მინისტრი გიორგი გახარია.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ონიანმა სოციალურ ქსელში ჟურნალისტის მიმართ შეურაცხმყოფელი კომენტარი გააკეთა: "ინგა ჩივის უკონტაქტო გაუპატიურებისთვის". ხოლო როცა ამას უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, განაცხადა, რომ შეეშალა და სხვას გულისხმობდა.​ საბოლოოდ, ონიანმა ბოდიში მოიხადა.

ინგა გრიგოლიას მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო, პარტიის რიგებიდან რიცხავენ ხაშურის საკრებულოს წევრს, „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელს, ალექსანდრე სიმონიშვილს. სწრაფი რეაგირებისთვის ჟურნალისტმა მადლობა გადაუხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთ ლიდერს, ირმა ინაშვილს.