„საიას მიაჩნია რომ საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლის საფუძველზეც მწერალთა სახლის და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაცია განხორციელდა დაუსაბუთებელი და ნაჩქარევი იყო“, - ვკითხულობთ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საიამ ყველა იმ დოკუმენტის ასლი გამოითხოვა, რომელიც სამინისტროს სისტემაში არსებული სსიპ-ების რეორგანიზაციას დაედო საფუძვლად.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, რეორგანიზაციას დაქვემდებარებული სსიპ მცირე კონტიგენტიდან დაწესებულებებს წარმოადგენდა და მათი ცალკე, სსიპ არსებობა აღარ წარმოადგენდა აუცილებლობას. თუმცა საიას განცხადებით, უცნობია, რა პრინციპით მოხდა აღნიშნული სსიპ-ის შერჩევა, მაშინ როცა გადაწყვეტილების მიღების დროს სამინისტროს სისტემაში კულტურის სფეროში არსებული 70 სსიპ შედიოდა.
„მიღებული გადაწყვეტილების ერთ-ერთ არგუმენტად, მთავრობის დადგენილების განმარტებით ბარათში, ევროკავშირის ექსპერტის მიერ საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე, კულტურის სფეროში მმართველობის გაუმჯობესების მიზნით შეთავაზებული რეკომენდაციებია მითითებული. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტის მიერ შეთავაზებული რეკომენდაციები - ოპტიმიზაციის გარდა ე.წ. ქოლგა ორგანიზაციის შექმნის და დეცენტრალიზაციის შესაძლებლობასაც ითვალისწინებდა, სამინისტრომ არჩევანი ყველა სსიპ-ის შემთხვევაში ოპტიმიზაციაზე შეაჩერა. სსიპ-ების სიაში მოხვდა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრიც, მაშინ როცა ევროკავშირის ექსპერტის დასკვნაში, სსიპ - ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი არაერთხელ არის დასახელებული, როგორც სანიმუშო და საუკეთესო სტანდარტების შესაბამისი უწყება“, - ვკითხულობთ საიას განცხადებაში.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წერს, რომ ოპტიმიზაციის ერთ-ერთ წინაპირობას წარმოდგენდა ის, რომ რეორგანიზაციას დაქვემდებარებული სსიპ-ები დამოუკიდებლად ვერ ახერხებდნენ თანამედროვე მართვის მექანიზმების დანერგვასა და საკუთარი მიზნებისა და ამოცანების სრულყოფილად განხორციელებას. თუმცა, როგორც ორგანიზაცია წერს, რეორგანიზაციას დაქვემდებარებული სსიპ-ის ნაწილის საქმიანობის სპეციფიკისა და მიღწეული შედეგების გათვალისწინებით, სავარაუდოდ აღნიშნული შეფასება რაიმე სახის კვლევას არ ეფუძნებოდა.
„ოფიციალური ინფორმაციის თანახმად ცნობილია, რომ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ, დაფუძნებიდან - 2014 წლიდან მოყოლებული, მნიშვნელოვანი სამუშაო იქნა გაწეული. კერძოდ, ქართული ლიტერატურის 300-ზე მეტი თარგმანი გამოიცა; 30 უცხო ენაზე 250-ზე მეტი ავტორის ნაწარმოები ითარგმნა და ცენტრმა 100-ზე მეტ უცხოურ გამომცემლობასთან ითანამშრომლა. ცენტრის ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან პროექტს წარმოადგენდა 2018 წელს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, საქართველოს როგორც საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა“, - წერს საია.
სწორედ იმის გამო, რომ მწერალთა სახლის და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის შემთხვევაში, მათ ხელმძღვანელებთან არ ყოფილა შესაბამისი კომუნიკაცია, ხოლო გადაწყვეტილება მოულოდნელად მიიღეს, საია მიიჩნევს, რომ რეორგანიზაცია ნაჩქარებად ჩატარდა. ამან კი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა არაერთი პროექტის განხორციელება.