მწერლების ბოიკოტს ახლადდაფუძნებელი ლიტერატურის ეროვნული ფონდის მიმართ უკვე კონკრეტული შედეგი მოჰყვა - მწერალმა ზაზა კოშკაძემ, რომელიც სამეცნიერო ფანტასტიკის მსოფლიო კონგრესზე, დუბლინში იყო მიწვეული, ხოლო მისი გამგზავრება წიგნის ეროვნულ ცენტრს უნდა დაეფინანსებინა (ეს შეთანხმება ჯერ კიდევ დეა მეტრეველის თანამდებობაზე ყოფნის დროს შედგა), უარი განაცხადა ფონდისგან ფინანსური დახმარების მიღებაზე.
სწორედ ამიტომ, მწერლებმა მიიღეს გადაწყვეტილება, მისი გამგზავრება თავად დააფინანსონ.
„დღეს მივიღე ელ-ფოსტით წერილი, რომლის მიხედვითაც, ქალბატონი ირმა რატიანი მიბარებს ხელშეკრულებაზე და სამომავლო თანამშრომლობაზე სასაუბროდ, მწერალთა სახლში. გამომდინარე იქიდან, რომ ამ საქმეში პირადად ჩაერთო ქალბატონი ირმა და ორგანიზაცია, რომელთანაც ბოიკოტის რეჟიმში ვართ, გადავწყვიტე არ მივიდე და უარი ვთქვა ამ ფონდის ფინანსურ მხარდაჭერაზე. უბრალოდ ემოციურად ვერ შევძლებდი მწერალთა სახლში მისვლას იმ ყველაფრის შემდეგ, რაც იქ მომუშავე, ჩემთვის უძვირფასეს ადამიანებს დამართეს“, - წერს ზაზა კოშკაძე.
რადიო თავისუფლებას ავტორმა უთხრა, რომ ის გაუმართლებლად მიიჩნევს არა სახელმწიფოს მიერ მწერლის ხელშეწყობას, მას პრეტენზია აქვს იმ გუნდთან, ვინც დღეს ფინანსებს განაგებს და გადაწყვეტილებას იღებს.
„ძალიან საწუხაროა, როცა მწერალს, რომელსაც თავისი საქმე აქვს გასაკეთებელი და ქვეყანა უნდა წარადგინოს კონკრეტულ ღონისძიებაზე, იმაზე ფიქრი უწევს, როგორ არ იქცეს პოლიტიკური მაქინაციების და ჩინოვნიკების ინსტრუმენტად მათივე ძალაუფლების შენარჩუნების საქმეში“, - გვითრა ზაზა კოშკაძემ.
მწერლებმა და გამომცემლებმა კი სპეციალურ ანგარიშზე ზაზა კოშკაძის მხარდასაჭერად თანხის შეგროვება უკვე დაიწყეს.
World Science Fiction Convention-ზე ზაზა კოშკაძის მონაწილეობა ჯერ კიდევ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის არსებობის დროს, ცენტრის სამეთვალყურეო საბჭომ გადაწყვიტა, რის შესახებაც როგორც ზაზა კოშკაძეს ისე ფესტივალის ორგანიზატორებს ოფიციალურად ეცნობათ, თუმცა შემდეგ, ცენტრის გაუქმების გამო, ირლანდიაში გასამგზავრებელი ბილეთის ღირებულების ანაზღაურება ამ ორგანიზაციამ ტექნიკურად ვეღარ მოასწრო.
ეს მწერლების ბოიკოტის ერთ-ერთი პირველი შედეგია. მწერლები მიიჩნევენ, რომ ასე გაგრძელდება, თუ ხელისუფლება დათმობაზე არ წავა და მათ აზრს არ გაითვალისწინებს.
მათი პროტესტი მათგან მალულად და კონსულტაციების გარეშე მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომლის შედეგად გაუქმდა მწერალატ სახლი და წიგნის ეროვნული ცენტრი, გათავისუფლდნენ მათი ხელმძღვანელები და თანამშრომლები.
ბოიკოტის პარალელურად, მწერლები ასევე ფიქრობენ შექმნან ღია საზოგადოებრივი პლატფორმა, რომელშიც როგორც კერძო პირებს, ასევე ბიზნესის წარმომადგენლებს შეეძლებათ მონაწილეობა და ფინანსური კონტრიბუცია, რათა არ გაჩერდეს თანამედროვე ქართული ლიტერატურის საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებული სვლის დინამიური პროცესი, რა საფრთხის წინაშეც, მათვე განცხადებით, არსებულ მძიმე ვითარებაში ქართული სალიტერატურო სივრცე დადგა.