თბილისში დაიწყო აქცია "დიღმის ტყე-პარკისთვის"

თბილისში, დიღმის ტყე-პარკში დაიწყო აქცია სახელით „დიღმის ტყე-პარკისთვის“. სამოქალაქო აქტივისტები, გარემოს დამცველები და რიგითი მოქალაქეები ტყე-პარკში იკრიბებიან იქ დაგეგმილი მშენებლობის გასაპროტესტებლად.

საპროტესტო აქციის გარდა, დიღმის ტყეში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება. იქნება მუსიკა ცოცხალი შესრულებით, საბავშვო აქტივობები და სხვა.

რამდენიმე აქტივისტმა წუხანდელი ღამე, დიღმის ტყეში გაშლილ კარვებში გაატარა.

2019 წლის 15 მარტს საკრებულომ, ახალი გენერალური გეგმის მიხედვით, დიღმის ტყე-პარკში 13 000 კვ/მ ტერიტორიას მიანიჭა საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის სტატუსი და მშენებლობის ნებართვა გასცა კომპანია „ანაგზე“.

როგორც აქციის ორგანიზატორები ამბობენ, დაგეგმილი მშენებლობა ტყე-პარკს რეალურად რესტორნად და სავაჭრო ცენტრად გადააქცევს. პროექტით საფრთხე ექმნება სახალხო სივრცესა და არსებულ ეკოსისტემას.