გიბრალტარის პოლიცია: გირაო შეეფარდა დაკავებული ირანული ტანკერის პერსონალის ოთხ წევრს

გიბრალტარის პოლიცია აცხადებს, რომ გირაოთი გათავისუფლდა იმ ირანული ტანკერის პერსონალის ოთხი წევრი, რომელიც დააკავეს ევროკავშირის სანქციების დარღვევით სირიისთვის ნავთობის მიწოდების ეჭვის საფუძველზე. ტანკერი „Grace 1“ 4 ივლისს დააკავა ბრიტანეთის ფლოტის ხომალდმა. გიბრალტარი სწორედ ბრიტანეთის კუთვნილი ტერიტორიაა.

პოლიციის ცნობით, ოთხი პირის გათავისუფლების პირობები საიდუმლოა, თუმცა მათ ბრალი არ ჰქონიათ წაყენებული. გამოძიება გრძელდება და ტანკერი კვლავ დაკავებულია. იუწყებიან, რომ პერსონალის ოთხივე წევრი ინდოეთის მოქალაქეა.

ტანკერის პერსონალი 28 წევრს მოიცავდა, ძირითადად ინდოეთის, პაკისტანის და უკრაინის მოქალაქეებს.