საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე შს მინისტრ გიორგი გახარიას მიერ ელჩების შესახებ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
„20 ივნისის ღამეს, თუ გახსოვთ, გერმანიის ელჩმა გააკეთა განცხადება პირდაპირ პარლამენტიდან. რაც შეეხება დანარჩენ ელჩებს, ხაზზე იყვნენ ჩვენთან მთელი ღამის განმავლობაში, პროცესს აკვირდებოდნენ მთელი ღამის განმავლობაში. გერმანიის ელჩი ფაქტობრივად ბოლომდე იყო პარლამენტში, იმიტომ, რომ როცა დაიძაბა ვითარება და დაიწყო პარლამენტზე შეტევა, მას მერე ელჩი გამოცხადდა პარლამენტში და იქ იმყოფებოდა", - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.
საფრანგეთის, აშშ–ის, ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის არც ელჩები და არც ამ ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლები, 20 ივნისის ღამეს პარლამენტის შენობაში არ ყოფილან.
იმყოფებოდა თუ არა აქციის დაშლისას გერმანიის ელჩი ჰუბერტ კნირში პარლამენტში შს მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად, ამ საკითხზე გერმანიის საელჩოში კომენტარს არ აკეთებენ.
11 ივლისს, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია TV პირველი პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ 20 ივნისის ღამეს აქციის დაშლას ის პარლამენტის შენობიდან ადევნებდა თვალს და მასთან ერთად იყვნენ სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლები.
"უშუალოდ ვხედავდი ზემოდან და მარტო კი არ ვიყავი. ზოგიერთი ქვეყნის ელჩი იყო ჩემთან ერთად. და ზოგიერთი კიდევ... არ დავასახელებ, ამასაც გამოძიება დაადასტურებს, ვინ იყო იქ და რაში იღებდა მონაწილეობას", - ასე უპასუხა შს მინისტრმა ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას კითხვაზე, თუ საიდან ადევნებდა ის თვალს მოვლენებს.