გიორგი გახარია: პირადად გპირდებით, რომ ბოლომდე გამოვიძიებთ პარლამენტზე შტურმს

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ 20 ივნისს, ღამით, პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს და მისი თქმით „შტურმს“ ბოლომდე გამოიძიებენ. „პირადად გპირდებით, თუ ეს ყველაფერი ფაქტობრივად დადასტურდება, რა თქმა უნდა ამას მივიყვანთ ბოლომდე“ - უთხრა გახარიამ ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას.

გახარიას ვერსიით, იმ დროს, როცა იმ ღამით პარლამენტის წინ შეკრებილი ოპოზიციის ერთი ნაწილი მთავრობასთან მოლაპარაკების შესაძლებლობას განიხილავდა, მეორე ნაწილი პარლამენტზე შტურმს ელოდებოდა. „ზუსტად ვიცით ლიდერების ჯგუფიდან ვინ ამბობდა, რატომ უნდა შევიდეთ მოლაპარაკებებზე, როცა ჩვენები ასე ეფექტურად უტევენ [პარლამენტს] - განაცხადა გახარიამ და დასძინა: „ეს შტურმი გრძელდებოდა შვიდი საათი, ეკრანებზე ჩანდა. ამ შტურმს პარლამენტის შიგნით სხდომათა დარბაზში ელოდებოდა პოლიტიკური პარტიის, ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური აქტივი“.

ინგა გრიგოლიას კითხვას, რა შეიძლებოდა მომხდარიყო ამის შემდეგ და რა ქმნის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე საუბრის საფუძველს, გახარიამ უპასუხა, რომ ეს საქმე ბოლომდე იქნება გამოძიებული და არ დაემსგავსება ე.წ. „საბურავების საქმეს“. გახარიას თქმით, „მაშინ ვერაფერი გააკეთეს, ვერ შეგროვეს მტკიცებულებები და დარჩა ისე როგორც დარჩა“.

ოფიციალური მონაცემებით 20-21 ივნისის ღამეს, ანტისაოკუპაციო აქციის დაშლისას 240 ადამიანი დაშავდა. მათგან ორმა ახალგაზრდამ თვალი დაკარგა.