„გენერალური დირექტორის გადაყენების საკითხის დასმის უფლება, სარედაქციო პოლიტიკის თემატიკიდან გამომდინარე, პარტნიორთა კრებას არ აქვს,- ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ადვოკატი თამთა მურადაშვილი.
ტელეკომპანია "რუსთავის 2"-ის 9%-იანი წილის მფლობელის ნინო ნიჟარაძის ადვოკატმა გიორგი ყავლაშვილმა განაცხადა, რომ ტელევიზიის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას თანამდებობიდან გადაყენების საკითხზე პარტნიორთა კრება 10 ივნისს 17:00 საათზე იმსჯელებს. საკითხის დასმის აუცილებლობას ადვოკატი, ნიკა გვარამიას გამონათქვამებთან აკავშირებს, რაც მისი მოსაზრებით„რუსთავი 2“- ის დისკრედიტაციას ახდენს.
"რუსთავი 2"-ის ადვოკატის თამთა მურადაშვილის განცხადებით, ეს არ არის „პარტნიორთა კრების კომპეტენციაში შემავალი საკითხი.
„სარედაქციო გადაწყვეტილებები მიიღება ნიუსრუმში და არა სასამართლოში ან პარტნიორთა კრებაზე. პირიქით პარტნიორი მადლიერი უნდა იყოს რომ დირექტორმა ადეკვატური რეაგირება მოახდინა ჟურნალისტის ქმედებაზე, ეფექტურად იმუშავა თვითრეგულირების ორგანომაც და ამ კუთხით პასუხისმგებლობის დაყენება პრაქტიკულად იდენტური მესიჯია რა ნარატივიც აქვს ხელისუფლებას და რუსეთის სახელმწიფო წარმომადგენლობას“,- აცხადებს თათმა მურადაშვილი.
ზოგადად, პარტნიორთა კრებას აქვს გენერალური დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებისდა მისი დანიშვნა-მოხსნის უფლება, იმ შემთხვევაში თუ დირექტორი მოქმედებს კომპანიის ინტერესების საზიანოდ და ეს უნდა იყოს დადასტურებული და დამტკიცებული.
„ამდენად ეს არ არის მარტივი საკითხი და ნინო ნიჟარაძეს მოუწევს ამტკიცოს ყველაფერი რასაც ის ამბობს ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით“,- ეუბნება თამთა მურადაშვილი რადიო თავისუფლებას.
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის პარტნიორთა კრების წევრები არიან კომპანიის დამფუძნებლები გიორგი და ლევან ყარამანიშვილები, ტელეკომპანია „საქართველო“ და ნინო ნიჟარაძე.
თამთა მურადაშვილის სიტყვებით, „რუსთავი 2“-ის პარტნიორთა კრება 29 ივნისს, უნდა ჩატარებულიყო მაგრამ მაშინ ეს სხდომა ორი კვირით გადაიდო.
„გადადების ინიციატორი თავად ნინო ნიჟარაძე იყო და გუშინ მასთან შედგა კომუნიკაცია პარტნიორთა კრების დანიშვნის თარიღის შესახებ. პასუხი უნდა შეეტყობინებინა, თუმცა ძალიან არაკორექტულად მოიქცა პარტნიორის ადვოკატი არ გაგვაგებინა პასუხი და დღეს პრესის საშუალებით გავიგეთ, რომ აპირებს მოსვლას და ნიკა გვარამიას გადაყენების საკითხის დასმას, ამასთან წინასწარ არ გაუფრთხილებია სხვა პარტნიორები რომ ამ საკითხის დაყენებას აპირებდნენ პარტნიორთა კრების სხდომაზე“,- აცხადებს თამთა მურადაშვილი.