კაცები ცეკვავენ სამაიას

კაცებს ცეკვა სამაიას სამოსი აცვიათ და სამაიას ცეკვავენ - ასე ლია უკლებამ გადაწყვიტა, მოულოდნელი პროტესტებით ცნობილმა ქუთაისელმა მხატვარმა და სამოქალაქო აქტივისტმა.

„კაცები ცეკვავენ სამაიას“ ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება იყოს ისეთი, როგორიც არის მისი შინაგანი მდგომარეობა. და ისე უნდა იცხოვროს, როგორც მას სურს, - გვითხრა ლიამ.

მისი ეს პროტესტი გეი მოცეკვავეების სიყვარულზე გადაღებული ფილმის შესახებ ქართული ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელის, ნინო სუხიშვილის პოზიციამ გამოიწვია. მან თქვა, „ქართული ცეკვა არის კაცური. ისტორიულად კი, ანსამბლში სხვა ორიენტაციის მამაკაცი არ გვყოლიაო“.

ამ განცხადებას წინ უძღოდა ფილმის „და შემდეგ ჩვენ ვიცეკვეთ“ რეჟისორის, ლევან აკინის გამოცემა The Guardian-ისთვის ნათქვამი სიტყვები, რომ ანსამბლ „სუხიშვილების“ ხელმძღვანელმა, ნინო სუხიშვილმა „ფილმს პრობლემები შეუქმნა“, „ფილმიდან მოცეკვავეები დაბლოკა და მათ უთხრა, რომ ფილმში მონაწილეობის შემთხვევაში ვეღარასდროს იცეკვებდნენ“.

„ასე დამოკიდებულება შეიძლება მივიღოთ ლევან ვასაძისგან. მაგრამ ნინო სუხიშვილისგან მისი სიტყვები მტკივნეული აღმოჩნდა. ამიტომაც დავხატე კაცების სამაია“.

ეს ლია უკლებას ჯერჯერობით ბოლო, მაგრამ არა საბოლოო პროტესტია. სხვაც ბევრი გვინახავს.

რატომ სდით სისხლი ლია უკლებას ქალებს სხეულიდან, გადაჭრილი თავის ადგილას კი ცისფერი ყვავილები ამოსდით? რატომ ცეკვავენ ერთად მღვდელი და პოლიციელი? რატომ მოცურავს ქათქათა ეკლესია მურიანი ქალაქის საბაგიროზე? რატომ მიიბჯინა ფეხმძიმე ღვთისმშობელმა საფეთქელზე პისტოლეტი? რატომ აქვს პატარძალს სახის ნაცვლად ვაგინა? ვის მისცა ტრანსგენდერ ქალს ხელში ჩვილი? გადაივლის ქალაქის თავზე გაჭიმულ ბაგირზე გოგო საპატარძლო კაბით?

„ხომ შეიძლებოდა უფრო ხმადაბლა, უფრო მარტივად, უფრო მიჩქმალულად, ისე, რომ ჩვენს გრძნობებს არ შეხებოდა. რელიგიურ გრძნობებს, ოჯახის სიწმინდეს! რა შუაშია ეკლესია, რა შუაშია სახელმწიფო, რა შუაში ვართ ჩვენ???“ - გადაუვლის ხოლმე სოციალურ ქსელს ასეთი შინაარსის აღშფოთებული ჩურჩული ლია უკლებას ყოველი მორიგი პროტესტის გამოჩენისას. ქსელს, რომელიც ყველაფერს წამში ხდის საჯაროს და საყოველთაოს.

არა. ამბობს ლია. მისი ნამუშევრები ვერ იქნება წყალწყალა. ასე მისი სათქმელი ვერ მივა ადრესატამდე. ვერ გააღწევს იმ ვიწრო წრიდან, სადაც ისედაც იციან, რომ დიდი პრობლემები არსებობს.

ლია უკლებამ, რომელიც სწორედ სათქმელებს ხატავს, ზუსტად იცის (და ასეც სურს), მის ნახატებს მოჰყვება მწვავე გამოხმაურებები. იმიტომ, რომ თავად ნამუშევრებია ბასრი და პირდაპირი:

„იმიტომ კი არა, რომ ეპატაჟს ვაკეთებ, იმიტომ, რომ მჯერა - მწვავე პრობლემებთან მოფერებით და ენის მოჩლექით ლაპარაკი შეუძლებელი მგონია. მე კი მინდა ვიხმაურო, რომ უფრო მეტ ადამიანს გავაგებინო“.

ლია უკლებას ნახატი გამოქვეყნებული არ არის ხოლმე, რომ მას მაშინვე მოჰყვება ათასგვარი ინტერპრეტაცია. კრიტიკა. განსჯა. ხანდახან კი საგანგებო დამგმობი განცხადებები, მაგალითად, საპატრიარქოსგან. როგორც ეს ფეხმძიმე ღვთისმშობლის დახატვას მოჰყვა, რომელსაც პისტოლეტი ჰქონდა მიბჯენილი. და მაშინ ლია უკლებას მიმართ ყველაზე დიდი აგრესია გადმოიფრქვა.

ღვთისმშობელი პისტოლეტით - ისევ ქალებისთვის

„არადა, სინამდვილეში, ღვთისმშობელიც ქალთა პრობლემების თემაზე დაიხატა. რელიგიური თემატიკა საერთოდ არაფერ შუაში იყო. მინდოდა, ყველაზე გავლენიანი ქალის პირით მეთქვა სათქმელი: მე, როგორც ქალი, ვარ მნიშვნელოვანი პერსონა, თქვენ უნდა გამითვალისწინოთ“

ლია უკლება არ მუშაობს მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის. შეიძლება ბევრი მხატვრისგან განსხვავებითაც - ის ხატავს იმ პროტესტს, ტკივილს და აგრესიასაც, რაც დაუგროვდება ხოლმე საქართველოში პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურული მდგომარეობის გამო.

სათქმელი კი სულ აქვს.

„მე არ ვარ პროფესიით მხატვარი. არც კლასიკური სამხატვრო განათლება მაქვს. მოკლედ, მე არ ვიცი ხატვა და ამის თქმის სულ არ მრცხვენია. მაგრამ მე სათქმელებს ვხატავ - ეს ჩემთვის უფრო სამოქალაქო აქტივიზმია. ამიტომ, მე ვერ დავხატავ უბრალოდ ყვავილებს, პეპლებს და ჩაიდნებს, იმიტომ, რომ ეს ჩემგან არავის სჭირდება, ეს ჩემზე გაცილებით უკეთესად მხატვრებს გამოსდით“.

ლიას სათქმელებიდან სულ პირველად მახინჯი ქორწინების ამბავი დაიხატა.

მახინჯი ქორწილი

საქორწინო სუფრა და ქალი - თეთრ სადედოფლო კაბაში, რომელსაც სახის ნაცვლად ვაგინა აქვს.

ეს იყო ლიას პირველი პროტესტი მოტაცებით შექმნილი ოჯახების და ფსევდო, იძულებითი ქორწინებების წინააღმდეგ. ტრადიციის, რომელიც ბოლომდე დღემდე არ გამქრალა.

„ვინ იცის, რამდენი გოგოს ფსიქიკა დაამახინჯა ასეთმა იძულებითმა ნაადრევმა ქორწინებამ. რამდენი გოგოს შესაძლებლობები გაქრა და დაითრგუნა“.

ნახატი უფრო მძაფრი გამოდის, როცა ამბავი თავს შენ გადაგხდება. ლიასთვის ეს დღემდე ერთ-ერთი ყველაზე რთულად მოსანელებელი ამბავია. ამდენი წლის შემდეგაც.

„ამიტომ ვხატავ ასე ხშირად დამახინჯებული ქორწინების შედეგად დამახინჯებული ქალების ცხოვრებებს“.

მაგრამ იცით რა არის სევდიანი? ქალების პრობლემებზე შექმნილ ნახატებს ნაკლებად აქვს ხოლმე მძაფრი გამოხმაურებები - თითქოს პრობლემა არც კი არსებობს. თითქოს არც ქალები იჩაგრებიან.

„ხშირად ქალებიც კი ვერ ხედავენ ხოლმე ამ პრობლემებს. თუ მათ არ სცემენ, ვერც აღიქვამენ ფსიქოლოგიურ ძალადობას როგორც ჩაგვრას“.

„დასკოჩილი“ დედა

თავად ლია უკლებასთვის ყველაზე მძიმე ნამუშევარი მაინც იყო დედა - "დასკოჩილი ქალი". ინსტალაცია, რომელიც დაახლოებით ორ საათში, მას შემდეგ ააწყო, რაც მეგობრისგან მოისმინა ამბავი, რომ როცა უცხოეთში ემიგრანტი ქალი კვდება, ხოლო მის ოჯახს არა აქვს საქართველოში მისი გადმოსვენების შესაძლებლობა, როგორც ამანათს ისე „სკოჩავენ“ და საქართველოში ასე უშვებენო.

„შეიძლება ეს დიდი სისულელეა და ტყუილი, მაგრამ ამის წარმოდგენამაც კი ისე შემაძრწუნა, როგორც კი ჩემი მეგობარი წავიდა, წამოვხტი და ეს ობიექტი ავაწყვე“.

„დასკოჩილ ქალს“ კი საბერძნეთში სამუშაოდ წასული დედის მიერ გამოგზავნილი ტანსაცმელები ჩააცვა. ამით თქვა კიდეც ყველაფერი.

ეკლესია საბაგიროზე მოსრიალებს

დაბლა ჭიათურაა - ნაცრისფერი და მტვრის ფენით დაფარული, საბაგიროზე კი ქათქათა, წითელსახურავიანი ეკლესია ეშვება - ეს პროტესტის ჭიათურაში გარკვეული დროით დარჩენას და იქაურების რთულ ცხოვრებაზე დაკვირვებას მოჰყვა. მაღაროზე მიბმული ხალხის ცხოვრებას, რომლებიც, როგორც ლია ამბობს, ხან ვისგან განიცდიან წნეხს და ხანაც ვისგან:

„იდეა იქ დაიბადა, რომ დამეხატა ლამაზი, ქათქათა ეკლესია, გაუბედურებული ქალაქის თავზე როგორ დადის ცასა და დედამიწას შორის. როგორც მოციქული ღმერთსა და ქალაქს შორის. და ეს იყო ირონიზება იმის, რასაც დღეს ეკლესია აკეთებს მოსახლეობისათვის“.

კედლებიდან წაშლილი პროტესტი

ხანდახან ლიას ნახატები მალე ქრება. ასე მოხდა წყალტუბოსა და სამტრედიაში, როცა ლია გარეთ გავიდა და ტილოდან კედელზე გადაინაცვლა, საჯარო სივრცეში.

ამ გარეთ გასვლასაც თავისი მიზანი ჰქონდა - პრობლემა ყველას დაენახა და თან გამოფენაზე საგანგებოდ მიპატიჟების გარეშე. უცებ შენთვის ქუჩაში რომ მიდიხარ და კედლიდან ლიას დახატული გოგო შემოგხედავს, მას კი მაისურზე აწერია - ჩვენ შეგვიძლია.

ქალაქს დაინახავ, რომლის თავზეც გაბმულ ვიწრო თოკზე თეთრკაბიანი პატარძალი გადმოდის - ამ ნახატში ლიამ მთელი გული და სული ჩადო - ნაადრევი ქორწინების თემას შეეხო, მაგრამ მალევე წაშალეს.

ქალები ხონშიც დახატა - ეს ნახატი ჯერჯერობით ისევ არსებობს - სამი ქალი ჟესტების ენაზე ამბობს - შეწყდეს ჩაგვრა.

„ჟესტების ენით იმიტომ ვათქმევინე, რომ ჩვენ, ქალებს, ძალიან გვიჭირს ჩვენი ხმის მიწვდენა ყველასთვის. ამ უენობის თემას მივუძღვენი ეს ნახატიც“.

პოლიციელის და მღვდლის ცეკვა

ლიასთვის არც 17 მაისის - ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საწინააღმდეგო დღეს მომხდარ ამბებს ჩაუვლია უკვალოდ.

პოლიციელი და მღვდელი აცეკვა, როგორც ნიშანი იმისა, რომ სახელმწიფო და ეკლესია ერთად დაუპირისპირდა საკუთარ მოსახლეობას.

ტრანსგენდერი ჩვილით

კიდევ ერთი დარტყმა ლიამ თავისი ერთ-ერთი ბოლო ნახატის, „ტრანსგენდერი ჩვილით“ დახატვის მერე მოიგერია. თუმცა, როგორც თავად ამბობს, ღვთისმშობლის მერე ამ აგრესიას აღარ აქვს ისეთი მასშტაბი.

ეს ნახატიც რეაქცია იყო - ლგბტ თემის მიმართ რეპრესიების გამო. ლიას უნდოდა უბრალოდ მათთვის ხმა მიეწვდინა და ეთქვა, რომ მათ აქვთ სურვილების ახდენის უფლება.

20 ივნისი - უთქმელად

20 ივნისს დაშლილი აქციის შემდეგ ლია უკლებას არაფერი დაუხატავს. რამდენჯერაც ნანახით გამოწვეული ბრაზის ნახატად ქცევა მოინდომა, იმდენჯერ ყველა იდეა ყალბი მოეჩვენა და გაჩერდა. ხშირად ხდება ასე, როცა დიდი სიბრაზის დახატვას დრო სჭირდება.

ლია უკლებას კი წინ ბევრი აქვს. ის მაინც ვერ მოისვენებს, რადგან, როგორც თავად ამბობს, კომფორტულად მხოლოდ დისკომფორტის რეჟიმში გრძნობს თავს.

„მე ასე მგონია, როცა კომფორტში ხარ, როცა შეკითხვა არ გაქვს სამყაროსთან, ეს ძალიან მოსაწყენი ამბავია“.

პს. სულ მაინტერესებდა, „ღვთისმშობელი პისტოლეტით“ ვინმემ თუ იყიდა. აღმოჩნდა, რომ არა. ლია უკლებამ ასე გადაწყვიტა - ის მასთან დარჩება.