ზალკალიანი: პუტინის გადაწყვეტილება ცალსახად სწორი იყო

„ვფიქრობ, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება ცალსახად სწორი იყო“, - ასე აფასებს საქართველოს მიმართ სანქციების საკითხზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

მინისტრის თქმით, არ შეიძლება სიტუაციის ესკალაცია და უპასუხისმგებლო განცხადებების გაკეთება.

„ჩვენ გულდასმით ვადევნებდით თვალს უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ მოვლენებს და უნდა ითქვას, რომ ის პროვოკაციული განცხადებები, რომელმაც გამოიწვია სიტუაციის გამძაფრება, ესკალაცია იყო კატეგორიულად მიუღებელი. რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ცალსახად ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილებაა და მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება მიესალმო. არავითარ შემთხვევაში ამ უპასუხისმგებლო და მართლაც პროვოკაციულ განცხადებებს, რასაც სიტუაციის გამძაფრება მოჰყვა, რომელსაც მოჰყვა სწორედ სიტუაციის ესკალაცია, დესტაბილიზაცია, იმ მძიმე ფონის შექმნა, რომელმაც შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ჩვენი ქვეყნის შემდგომ განვითარებას, ბუნებრივია, არავითარ შემთხვევაში ამის დაშვება არ შეიძლება. ვფიქრობ, ის გადაწყვეტილება, რომელიც მოვისმინე, იყო ცალსახად სწორი“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

9 ივლისს, რუსეთის დუმამ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღებას მხარი დაუჭირა, თუმცა დუმის გადაწყვეტილებას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ დაეთანხმა.