ნიკა გვარამია შსს-ს: ალაგმეთ თქვენი "ბანდერლოგები"

ნიკა გვარამია

„სიტუაცია ჩვენი არხის წინ უკიდურესად დაძაბულია. ძალიან აგრესიული ადამიანები შეკრებილნი არიან რადიკალური მოთხოვნებით, რომლებიც, ცხადია, არ შესრულდება. პოლიციის რაოდენობა კრიტიკულად მცირეა და თუ აგრესიულმა ადამიანებმა მიიღეს შენობაში შემოჭრის გადაწყვეტილება, დიდი ალბათობით, პოლიცია ვერ უზრუნველყოფს ჩვენს დაცვას.

ალაგმეთ თქვენი ბანდერლოგები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი პასუხისმგებლობა ძალისმიერი სცენარის განვითარებისთვის გეკისრებათ თქვენ და საქართველოს მთელ ხელისუფლებას“ - წერს „რუსთავი2-ის „ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები მოითხოვენ ტელეკომპანია დატოვოს ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ და შეიცვალოს არხის მენეჯმენტი. აქციის მონაწილეებმა ​ რუსთაველის გამზირზე გადანაცვლების გადაწყვეტილება მიიღეს.

გიორგი გაბუნიამ გადაცემა „პოსტსკრიპტუმში " 7 ივლისს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს რუსულად აგინა. „ვოვაჩკა შენ ხარ ორღობის მეძავი“, - ამ სიტყვებით დაიწყო მიმართვა საავტორო გადაცემის წამყვანმა და დაამთავრა დედის შეგინებით.

დღეს, 8 ივლისს "რუსთავი2"-ის თვითრეგულირების ორგანომ გიორგი გაბუნიას 2 თვით შეუჩერა უფლებამოსილება.