ლევან ვასაძე: მოვიდნენ! რუსეთის ოკუპაციას ვაპროტესტებთ?! კი, ბატონო!

„აქ ვხედავ ჩემს უამრავ მეგობარს, უამრავი ხალხი მოდის სამსახურის მერე. ჩვენ აქ იმისთვის არ ვართ, რომ ვინმეს დავუპირისპირდეთ. ამბობენ, რომ აქ 19:00 საათზე ვიღაცები მოვლენ, დაგვიპირისპირდებიან. ვინ უნდა დაგვიპირისპირდეს?“, - ასე ეხმაურება ბიზნესმენი ლევან ვასაძე ანტისაოკუპაციო აქციების ორგანიზატორების განცხადებას, რომ 8 ივლისს, პარლამენტის წინ ანტისაოკუპაციო აქცია კვლავ გაიმართება.

„მოვიდნენ, რუსეთის ოკუპაციას ვაპროტესტებთ?! კი, ბატონო. მთელი ჩვენი ცხოვრება ვაპროტესტებ რუსეთის ოკუპაციას და ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ ის შევატრიალო. არ მიმაჩნია, რომ შარვლის ჩახდა და უკანალის ჩვენება დააჩქარებს საქართველოს გამთლიანებას. არ მიმაჩნია, რომ ბილწი და უხამსი სიტყვების ძახილი რამით დაგვეხმარება აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნებაში. თქვენსავით, თქვენთან ერთად აბსოლუტურად უანგაროდ ვარ თავგადადებული პატრიოტი ჩვენი ქვეყნისათვის“, - ამბობს ლევან ვასაძე, რომელსაც 8 ივლისს, დილიდან, თანამოაზრეებთან ერთად აქვს დაკავებული პარლამენტის წინ ის სცენა და ტერიტორია, სადაც 18 დღეა ანტისაოკუპაციო აქციები მიმდინარეობს.

ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფები, სასულიერო პირები და მათი თანამოაზრენი პარლამენტის წინ დილიდან დგანან. ისინი ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმებას ითხოვენ.

სასულიერო პირები კი მოუწოდებენ შსს-ს გაწმინდოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია „საშინელი ხალხისგან“, რათა იქ პარაკლისი გადაიხადონ.