ჰომოფობიურ აქციას ლგბტ დროშამ დრონით გადაუფრინა

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე ჰომოფობიურ აქციას დრონზე გამობმულმა ცისარტყელის დროშამ გადაუფრინა.

8 ივლისს თბილისში ლგბტ თემის ორგანიზებით ღირსების მარში უნდა გამართულიყო, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ შეიქმნა საფრთხე, ლგბტქი აქტივისტებმა ღირსების მარშის კვლავ გადადების გადაწყვეტილება მიიღეს.

მარშის გამართვის დაანონსებულ ადგილზე, შს სამინისტროსთან, 8 ივლისს, დილიდან შეიკრიბნენ ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფები, სასულიერო პირები და მათი თანამოაზრეები.

მოგვიანებით მათ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გადაინაცვლეს და დაიკავეს ის ტერიტორია, სადაც 18 დღეა ანტისაოკუპაციო აქციები მიმდინარეობს.

დემონსტრანტები მოითხოვენ ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმებას და რუსეთში მოქმედი გარყვნილების პროპაგანდის ამკრძალავი კანონის საქართველოში მიღებას.

სასულიერო პირები მოუწოდებენ შსს-ს გაასუფთაოს ტერიტორია "საშინელი ხალხისგან", რათა მოახერხონ პარაკლისის გამართვა.