„ის, რაც რუსთავი 2-ის ეთერში იხილა ქართულმა საზოგადოებამ, წარმოადგენს ქართველი სამართალდამცავების მიერ აღკვეთილი სახელმწიფო გადატრიალების ხელახალ მცდელობას“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც მმართველი გუნდის მთავარ ოფისში ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ გააცნო.
განცხადების თანახმად, რუსთავი 2-ის ჟურნალისტის სიტყვები მიზნად ისახავდა საყოველთაო დესტაბილიზაციას, სახელმწიფოთაშორის კონფლიქტის ახალი ტალღის წარმოშობას და საქართველოს მოქალაქეებისათვის ეკონომიკური პრობლემების შექმნასა და სანქციების პროვოცირებას:
„ეს განცხადება პირდაპირი, გარდაუვალი რისკის ქვეშ აყენებს ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც დღეს ცხოვრობენ რუსეთის ფედერაციაში. სახეზეა მცდელობა, რომ ამ პროვოკაციაზე ხელისუფლების და საზოგადოების ჯანსაღი რეაქცია სიტყვის თავისუფლებაზე შეტევად გაასაღონ. კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს, საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება სრულად არის დაცული და სწორედ ხელისუფლებაა ამ თავისუფლების გარანტი. ჩვენ ქვეყანასაც დავიცავთ, ხალხსაც და სახელმწიფოს მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარების პერსპექტივასაც. დარწმუნებული ვართ, რომ საზოგადოება სათანადოდ შეაფასებს მიმდინარე მოვლენებს და შესაბამის დასკვნებსაც გააკეთებს“.
გია ვოლსკის თქმით, მას არ სჯერა, რომ რუსთავი 2-ის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ თავად მიიღო გადაწყვეტილება, რომ პირდაპირ ეთერში გაეკეთებინა განცხადება, რომელსაც საზოგადოების ნაწილის აღშფოთება მოჰყვა:
„მე ვატყობ, რომ თქვენ გჯერათ, რომ გიორგი გაბუნიამ, თავისი ინტერესით, თავისი ემოციით და თავისი იდეებით განახორციელა ის, რაც გააკეთა. მთლიანობაში ეს არის ერთ-ერთი სეგმენტი, შემადგენელი ნაწილი იმ სტრატეგიისა, რასაც უკვე დიდი ხანია ვუყურებთ. ეს არის დესტაბილიზაცია, სამოქალაქო დაპირისპირება და რაც მთავარია, ისეთი ეკონომიკური პრობლემების შექმნა, რომელიც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს ქვეყანას. ეს არის პირდაპირი შეტევა საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე. დესტაბილიზაციის ნაწილში მოიაზრება აგრეთვე დეზინფორმაციის მიწოდება საერთაშორისო თანამეგობრობისათვის, თითქოს ხელისუფლება ზღუდავს მედიას და რაც მთავარია, თითქოს რუსეთის ინტერესებით ხელმძღვანელობს, როცა ამ დედის გინებას აფასებს როგორც პროვოკაციას“, - აცხადებს გია ვოლსკი.
გიორგი გაბუნიამ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს რუსულად აგინა. „ვოვაჩკა შენ ხარ ორღობის მეძავი“, - ამ სიტყვებით დაიწყო მიმართვა საავტორო გადაცემის წამყვანმა და დაამთავრა დედის შეგინებით.