საგარეო საქმეთა სამინისტრო პროვოკაციად აფასებს რუსთავი 2-ის ჟურნალისტის გამონათქვამებს და საერთაშორისო შეფასებას ითხოვს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო საზოგადოებას და პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქციელს სათანადო შეფასება მისცენ. საუბარია საავტორო გადაცემა "პოსტსკრიპტუმში" წამყვანის მიერ რუსეთის პრეზიდენტის მისამართით გამოყენებული არანორმატიული ლექსიკისა და გინების შესახებ.

"მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას და პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, სათანადო შეფასება მისცეს ტელეკომპანიის და კონკრეტულად ამ ჟურნალისტის საქციელს, რომელმაც უხეშად უგულველყო საერთაშორისო პროფესიული ნორმები და სტანდარტები"- წერია განცხადებაში, რომელიც 7 ივლისს გვიან ღამით გამოქვეყნდა. სპეციალური განცხადებები ასევე გამოაქვეყნეს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავჯდომარემ, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა, თბილისის მერმა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებაში "მკაცრად გმობს" ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის მხრიდან გამოყენებულ გამონათქვამებს, ხაზს უსვამს, რომ ამ გამონათქვამებს არაფერი აქვს საერთო სიტყვის თავისუფლებასთან და "წარმოადგენს სუფთა წყლის პროვოკაციას, რომელიც მიმართულია საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არსებული ისედაც რთული ვითარების კიდევ უფრო დაძაბვისაკენ".

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუთითებს " ქვეყანაში დესტაბილიზაციის განცდის დამკვიდრების მიზნით" მიზანმიმართულ ქმედებაზე, "იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ცდილობს დაძაბულობის დეესკალაციას“.

გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ რუსთავი 2-ის პოზიცია წამყვანის გამონათქვამებთან დაკავშირებით გამოხატა არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, რომელმაც განაცხადა: „ამგვარი თვითგამოხატვა მიგვაჩნია კატეგორიულად დაუშვებლად და მიუღებლად არხის სტანდარტებისა და სარედაქციო პოლიტიკის გათვალისწინებით. შესაბამისად ჩვენ აუცილებლად ვიმსჯელებთ ამ საკითხზე არახის თვითრეგულირების ფარგლებში და მივიღებთ სათანადო გადაწყვეტილებას ავტორთან დაკავშირებით“. ნიკა გვარამიამ ეს განცხადება გადაცემა „აქცენტებში“ გააკეთა, ხოლო ამავე გადაცემის თანაწამყვანმა ეკა კვესიტაძემ, ბოდიში მოიხადა გაბუნიას გამონათქვამების გამო.