"ამ ფეიკის მომგონებლებსაც და ამგორებლებსაც: მტყუნის ….. ……!" - ასე ეხმაურება საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე ბაჩო ქაჯაიას საკითხს. ის ავადმყოფს უწოდებს მათ, ვისაც ჰგონია, რომ რუსეთისთვის ოკუპანტის დაძახების გამო, ქაჯაიას სამსახურიდან გაათავისუფლებდნენ.
ვასილ მაღლაფერიძის კომენტარში, რომელსაც თავად საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს, არაფერი წერია აქციის დაშლასთან ქაჯაიას დამოკიდებულებაზე. მაღლაფერიძე მხოლოდ ოკუპაციას უსვამს ხაზს:
"ცხადია, რომ რუსეთი ოკუპანტია და ვინც ეს მხოლოდ დღეს გაიგო და ამით სპეკულირებს, ნაგავია! ისევე როგორც მთელ ქვეყანაში, არც საქართველოს პირველ არხზე საკუთარ თავს არავინ აკადრებს, რომ ბაჩოს ან საერთოდ ვინმეს უსაყვედუროს, რუსეთზე ოკუპანტი რატომ თქვიო", - ამბობს მაღლაფერიძე და განაგრძობს, რომ არაკეთილსინდისიერი ადამიანები მუდმივად ცდილობენ საქართველოს პირველი არხის დისკრედიტაციას.
ბაჩო ქაჯაია - რომელსაც მიჰყავს გადაცემა "ღამის შოუ პირველზე" საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე - 4 ივლისის გადაცემაში შეუერთდა საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს. ქაჯაიამ, ასევე, გამოხატა აღშფოთება 20-21 ივნისის აქციის დაშლის ფორმასთან დაკავშირებით.
*სტატიის სათაური შეცვლილია. თავდაპირველი სათაურის ფორმულირება იყო: "პირველი არხის დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძე ოფიციალურ განცხადებაში იგინება". მიუხედავად იმისა, რომ სტატიაში თავიდანვე ცხადად და მკაფიოდ იყო მითითებული, რომ ეს განცხადება ვასილ მაღლაფერიძემ პირველ არხთან კომენტარში გააკეთა,"რადიო თავისუფლებას" ამ ცვლილებით კიდევ უფრო მეტი სიზუსტე შეაქვს თავად მასალის სათაურშიც.