პოლონეთის პრეზიდენტმა გააკრიტიკა ევროკავშირი ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ბლოკში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკების გაჭიანურების გამო და მოუწოდა ბრიუსელს, რომ ბალკანეთის ქვეყნებს შესთავაზოს ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალი მკაფიო გზა.
ბალკანეთის სახელმწიფოები არ უნდა იყვნენ ჩართული ისეთ რბოლაში, „სადაც ისინი ვერ დაინახავენ ფინიშის ხაზს“, - განაცხადა ანჯეი დუდამ 5 ივლისს პოლონეთის ქალაქ პოზნანში გამართულ დასავლეთ ბალკანეთის სამიტზე.
დუდას თქმით, ორივე ქვეყანამ გაიარა „რთული რეფორმების გზა“, რათა გააუმჯობესონ ბლოკში გაწევრიანების შანსები.
წინა თვეს ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ოქტომბრამდე გადადეს ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ბლოკში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყება, რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის საფრანგეთისა და ნიდერლანდის წინააღმდეგობის გამო.