შინაგან საქმეთა სამინისტრო „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას, „გამარჯვებული საქართველოს“ ხელმძღვანელის, ირაკლი ოქრუაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გია ბარამიძის გამოკითხვის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს.
ამ ღონისძიების აუცილებლობის საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე მისვლაზე სამივე პირმა უარი განაცხადა.
„უგულავამ, ბარამიძემ და ოქრუაშვილმა უარი განაცხადეს საგამოძიებო უწყებაში გამოსაკითხად შსს-ში მოსვლაზე, შსს მიმართავს შუამდგომლობით სასამართლოს, რათა მოხდეს ამ პირების მაგისტრატ მოსამართლის წინაშე დაკითხვა“, - განმარტეს შსს-ში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი და გია ბარამიძე გამოიკითხებიან სსკ-ის 225-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 20-21 ივნისს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე.