საქართველოში აღმართულ გამყოფ ხაზებს გამანადგურებელი გავლენა აქვს - Amnesty International

"ჩვენი ცხოვრება "ბორდერიზაციამ" შეცვალა. მავთულხლართების გამო საძოვრებს და სახნავ-სათეს მიწებს ვეღარ ვიყენებთ. მოსავლის აღება და პირუტყვის ყოლა შეუძლებელი გახდა. გვეშინია სასაფლაოსთან მიახლოებისაც” - “საერთაშორისო ამნისტია”, 2019 წლის ანგარიში.

"ბორდერიზაციამ" ადგილობრივი საზოგადოებები ორად გაყო. ქვეყნის უღარიბეს ადგილებში მცხოვრებთა ნაწილმა, საძოვრებზე, სამეურნეო მიწებზე, ხეხილის ბაღებზე, წყლის რესურსებზე და ტყის რესურსებზე წვდომა დაკარგა. ადგილობრივები მოწყვეტილები არიან ნათესავებს, შემოსავლის წყაროებს, იმ რელიგიური დანიშნულების ადგილებს, რომელიც მათი კულტურული და სოციალური ცხოვრებისათვის მნიშვნელოვანია. ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გადაკვეთისას, ყოველწლიურად ასობით ადამიანს აკავებენ - წერია ადამიანის უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ის კვლევაში, რომელიც გამყოფ ხაზთან მცხოვრები 150-ზე მეტი ადამიანის მონაყოლს ეფუძნება.

ორგანიზაციის წარმომადგენლები შეხვდნენ სოფელ დვანის, ნიქოზის, ერგნეთის, გუგუტიანთკარის, წითელუბნის, ხურვალეთის, შამგონასა და ხურჩის მცხოვრებლებს.

ოჯახური ცხოვრების უფლება

"ჩემი და ბოლოს ხუთი წლის წინ ვნახე. ჩემთან ძალიან ახლოს ცხოვრობს - სულ რაღაც ხუთ კილომეტრში - მის სოფელს აქედან ვხედავ, მაგრამ ერთმანეთს მავთულხლართები გვაშორებს", - ამბობს "საერთაშორისო ამნისტიასთან" სოფელ წითელუბნის 60 წლის მკვიდრი. ის სამხრეთ ოსეთში/ცხინვალის რეგიონში ვერ ჩადის. დას კი მასთან შეხვედრა მხოლოდ ვლადიკავკაზისა და თბილისის გავლით შეუძლია. ეს გზა დაახლოებით 300 კილომეტრია.

"ჩემი და ბოლოს ხუთი წლის წინ ვნახე. ჩემთან ძალიან ახლოს ცხოვრობს - სულ რაღაც ხუთ კილომეტრში - მის სოფელს აქედან ვხედავ, მაგრამ ერთმანეთს მავთულხლართები გვაშორებს"
სოფელ წითელუბნის 60 წლის მკვიდრი

ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის სხვადასხვა მხარეს აღმოჩენილი ოჯახები ერთმანეთის ან საერთოდ ვერ ხვდებიან ან ბევრ სირთულეს აწყდებიან. ​

წითელუბნელების თქმით, მავთულხლართების გავლებამდე, ნათესავების მოსანახულებლად ეთნიკური ოსებით დასახლებულ სოფელ ორჭოსანში თითქმის ყოველდღე დადიოდნენ.

სოფელ ნიქოზის მოსახლეობა ამბობს, რომ ცდილობენ ურთიერთობის შენარჩუნებას მეზობლებთან და მეგობრებთან, გამყოფი ხაზის მეორე მხარეს. მათივე თქმით, როცა მეზობელს ან მეგობარს ხედავენ, საუბრის წამოწყებას ცდილობენ, თუმცა რუსი ოფიცრები ეთნიკურად ოსებს საუბარს აწყვეტინებენ და დაკავებით ემუქრებიან.

ანგარიშის მიხედვით, აფხაზეთში, გალის რაიონში მცხოვრები ეთნიკურად ქართველები ხშირად კვეთენ გამყოფ ხაზს. “საერთაშორისო ამნისტიის” ინფორმაციით, გალის რაიონში ნათესავების და ოჯახის წევრების მოსანახულებლად ქართველებს ოფიციალურ მოწვევას სთხოვენ, რასაც დაახლოებით 10 დღე და 5000-მდე რუბლი (დაახლოებით 220 ლარი) სჭირდება. ხშირია მოწვევის გაცემაზე განმარტებების გარეშე უარის თქმის შემთხვევები.

არც თავად მოწვევაა აფხაზეთში შესვლის გარანტია. გალიდან იძულებით გადაადგილებულმა პირმა “საერთაშორისო ამნისტიას” უთხრა, რომ 2017 წელს მომაკვდავი ბაბუის სანახავად შესვლაზე უარი მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ მოწვევა ჰქონდა. რესპონდენტმა განმარტა, რომ ის ენგურის ხიდზე მოწვევის წარდგენის შემდეგ გააჩერეს და უთხრეს, რომ სოხუმიდან საბოლოო დასტურს ელოდნენ. გადასასვლელზე ორდღიანი ლოდინის შემდეგ, რესპონდენტი უკან გაბრუნდა. შესვლაზე უარის მიზეზები არ განუმარტავთ.

რესპონდენტის თქმით, ბაბუა მალევე, უნახავად გარდაეცვალა.

ენგურის ხიდი

თავისუფლების შეზღუდვა

71 წლის ამირან გუგუტიშვილის თქმით, 2017 წლის თებერვალში ის რუსმა ოფიცრებმა დააკავეს, როცა გამყოფი ხაზის მიმდებარედ საკუთარ მიწას ამუშავებდა. მისი თქმით, ოფიცრები მის ბაღში შევიდნენ, დააკავეს და არასათანადოდ მოეპყრნენ. “საერთაშორისო ამნისტიის” ინფორმაციით, ხუთდღიანი პატიმრობის შემდეგ დაბრუნებულს მთელ სხეულზე დალურჯებები ჰქონდა. ამას დაზარალებულის ნათესავებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრიც ადასტურებს. ცენტრის ცნობით, ამირან გუგუტიშვილს ტრავმის გამო ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ პრობლემებთან გამკლავება მოუწია.

34 წლის მცხოვრებმა “საერთაშორისო ამნისტიას” უთხრა, რომ "საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისვთის" ორჯერ იყო დაკავებული, 2014 და 2017 წლებში. მისი თქმით, სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის ძალების წარმომადგენლებმა ორივე შემთხვევისას სცემეს.

ქართული მხარის ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 2008-2018 წლებში 1215 ადამიანი დააკავეს. დაკავებულთა უმეტესობას გათავისუფლებისთვის 2000 რუბლის (89 ლარი) გადახდა უწევს.

სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობის სტატისტიკით, მხოლოდ 2016 წელს 549 ადამიანი დააკავეს, უმრავლესობა, 325 ადამიანი ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები იყვნენ.

სოფელ ნიქოზის 63 წლის მცხოვრებმა “საერთაშორისო ამნისტიასთან” ინტერვიუში თქვა, რომ რუსმა სამხედროებმა 2017 წელს მისი ნაცნობი ეთნიკურად ოსი ოთხი დღით დააკავეს, როცა ის საქართველო კონტროლირებად ტერიტორიაზე პირუტყვის მოსაძებნად გადავიდა. ამის შესახებ ნიქოზის მცხოვრებს ეთნიკურად ოსი თავად მოუყვა მავთულხლართების მიმდებარედ.

გამყოფი ხაზი, სოფელი ნიქოზი

რაც შეეხება აფხაზეთს, რუსული სტატისტიკით, აფხაზეთის სასაზღვრო ხაზზე 2009-2016 წლებში 14000 ადამიანი დააკავეს. დაკავებულთა უმეტესობას გათავისუფლებისთვის 15000 რუბლის (665 ლარი) გადახდა უწევს. განმეორებითი დარღვევა 30000-დან (1330 ლარი) 60000 რუბლამდე (2660 ლარი) ჯარიმით ისჯება.

ცხოვრების სათანადო დონის უფლება

"ყოველწლიურად დაახლოებით 100 ყუთი ვაშლი მომყავდა. მოსავლის გაყიდვით მიღებული შემოსავალი ოჯახის არსებობისთვის საკმარისი იყო. 2017 წლის შემდეგ ჩემს ბაღში შესვლას ვეღარ ვახერხებ. რუსებმა იქ "სახელმწიფო საზღვრის" ნიშანი დააყენეს. ზოგჯერ მოვდივარ ხოლმე და შორიდან ვუყურებ ჩემს ვაშლის ხეებს", - ამბობს Amnesty-სთან სოფელ გუგუტიანთკარის მცხოვრები, 71 წლის ამირან გუგუტიშვილი.

ჩემს ბაღში შესვლას ვეღარ ვახერხებ. რუსებმა იქ "სახელმწიფო საზღვრის" ნიშანი დააყენეს. ზოგჯერ მოვდივარ ხოლმე და შორიდან ვუყურებ ჩემს ვაშლის ხეებს"
71 წლის ამირან გუგუტიშვილი

​ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის მთავარი საარსებო წყარო მეცხოველეობა სხვა სასოფლო-სამეურნეო საქმეა. ისინი მოსავლის ნაწილს მოიხმარდნენ პირადად, დანარჩენს კი ყიდდნენ გამყოფი ხაზის ორივე მხარეს. ანგარიშის თანახმად, დღეს ადგილობრივები თავს გრძნობენ, როგორც "დევნილები საკუთარ სახლში".

ანგარიშის თანახმად, ადგილობრივები შორიდან მიუთითებდნენ იმ მიწის ნაკვეთებზე, რომლებსაც მავთულხლართების გავლებამდე ამუშავებდნენ. ხალხი ამ საძოვრებსა და მიწის ნაკვეთებს ათწლეულებია იყენებენ. ბევრ მათგანს საკუთრების დამადასტურებელი საბუთიც აქვს.

რესპონდენტების თქმით, 2011 წლიდან თითო სოფელმა 10-დან 50-მდე ჰექტარი მიწა დაკარგა, საძოვრების ჩამორთმევის გამო კი პირუტყვის გაყიდვა მოუხდათ. მანამდე, ყველა ოჯახს საშუალოდ ხუთი ძროხა ჰყავდა.

სოფელ გუგუტიანთკარის მცხოვრები ამბობს, რომ მან ერთი ჰექტარი ხეხილის ბაღი დაკარგა, სადაც 50 ტონა მოსავალი მოჰყავდა - ხილს ბაზარზე ყიდდა და ოჯახის სარჩენად სამყოფ თანხას გამოიმუშავებდა. მიწის და შემოსავლის დაკარგვის საზღაური არ მიუღია.

დაკავებების შიშით ადგილობრივები იმ მიწებსაც ვეღარ ამუშავებენ, რომელიც ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ახლოს აღმოჩნდა. მათი თქმით, რუსები რეგულარულად გადმოდიან თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე და ადამიანებს იტაცებენ. ადგილობრივებმა “საერთაშორისო ამნისტიას” უთხრეს, რომ გამყოფ ხაზთან სასოფლო-სამეურნეო მიწებზე მუშაობის შიში საგრძნობლად გაიზარდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში/ცხინვალის რეგიონში ორი სამოქალაქო პირის გარდაცვალების შემდეგ, 2016 და 2018 წლებში.

რელიგიის თავისუფლება და კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება

ჩვენი მშობლები და წინაპრები იქ არიან დაკრძალული, რატომ არ უნდა გვქონდეს მათი საფლავების მონახულების უფლება?"

"ჩვენი მშობლები და წინაპრები იქ არიან დაკრძალული, რატომ არ უნდა გვქონდეს მათი საფლავების მონახულების უფლება?" - სოფელ ხურვალეთის მოსახლეობას სასაფლაოზე მისვლის საშუალება აღარ აქვს.

“საერთაშორისო ამნისტიას” ადგილობრივებმა უთხრეს, რომ ეკლესიებისა და სასაფლაოების მონახულებისას რუსი ოფიცრები მათ ხშირად აკავებენ.

ხელისუფლების ცნობებით, სულ მცირე ცხრა ქართული მართლმადიდებლური ეკლესია აღმოჩნდა გამყოფი ხაზის მიღმა.

რუსეთის პასუხისმგებლობა

საქართველო-რუსეთის 2008 წლის კონფლიქტიდან 10 წლის შემდეგ, სამხრეთ ოსეთზე/ცხინვალის რეგიონზე და აფხაზეთზე საერთო ეფექტური კონტროლი რუსეთის ფედერაციას აქვს. “საერთაშორისო ამნისტიის” შეფასებით, ამ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვის ვალდებულება რუსეთს აკისრია. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ რუსეთი პასუხისმგებელია იმ დარღვევებზეც, რომელიც დე ფაქტო მთავრობების მიერ მოხდა.

“საერთაშორისო ამნისტიის” შეფასებითვე:

  • სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებაზე პასუხისმგებელი ძირითადად რუსეთი და დე ფაქტო მთავრობები არიან;
  • რუსეთი ვალდებულია პატივი სცეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის ოჯახური ცხოვრების უფლებას და არ ჩაერიოს და არ შეზღუდოს ნათესაური ვიზიტები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ;
  • რუსეთის ფედერაცია ვალდებულია პატივი სცეს ადგილობრივი მოსახლეობის რელიგიურ წეს-ჩვეულებებს, მათ შორის, რელიგიური დანიშნულების ნაგებობებისა და სასაფლაოების მონახულების ნება დართოს.

“საერთაშორისო ამნისტია” მოუწოდებს:

საქართველოს

  • გამოყოს ფინანსური და სოციალური დახმარება "ბორდერიზაციით" დაზარალებული ოჯახებისთვის;
  • გალისა და ახალგორის რაიონში მცხოვრებმა ეთნიკურად ქართველებმა შეძლონ უფასო ჯანდაცვით სარგებლობა ისევე, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე სხვა მცხოვრებლებმა;
  • გამოძებნოს და მიიღოს ყველა შესაძლო ზომა "ბორდერიზაციით" გამოწვეული დარღვევების თანამშრომლობის გზით გამოაშკარავებაში და აღმოფხვრაში, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით (ფორმალურად ან არაფორმალურად).

საერთაშორისო თანამეგობრობას

  • გამონახოს ყველა შესაძლებლობა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ ადამიანის უფლებათა მდგომარეობის ეფექტური მონიტორინგისთვის.
  • გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, რათა გადაჭრას "ბორდერიზაციითა" და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მონიტორინგის არარსებობით გამოწვეული ადამიანის უფლებათა დარღვევები

ევროკავშირის სადამკვირებლო მისია

​Amnesty International, ასევე, მოსთხოვოს რუსეთის ფედერაციას, დაუშვას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) სამხრეთ ოსეთსა/ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში.

კვლევის პრეზენტაცია თბილისთან ერთად გაიმართა მოსკოვშიც. თუმცა “საერთაშორისო ამნისტიის” წარმომადგენელი, ალექსანდრ არტემიევი რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ მიმართვის მიუხედავად, რუსეთისა და ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო ხელისუფლებები პრეზენტაციაზე არ მივიდნენ.